საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგა ვილნიუსში მოგებ-წაგებით დაიწყო

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგა ვილნიუსში მოგებ-წაგებით დაიწყო

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები აქტიურად არიან ჩაბმულნი ევროპის ახალგაზრდულ საკლუბო ლიგაში, სადაც ასპარეზობით დიდ გამოცდილებას იღებენ. მორიგი, პერსპექტიული მოზარდებით დაკომპლექტებული გუნდი ევროპის ლიგის პირველ ეტაპში საასპარეზოდ ლიტვაში გაემგზავრა. 2003 წელს დაბადებულთა, ანუ 14-წლამდელთა ნაკრები ვილნიუსში სათამაშოდ მწვრთნელ ალექსი ჯაფარიძის ხელმძღვანელობით წავიდა, სადაც  5 შეხვედრას ჩაატარებს.
ვილნიუსში ნაკრები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: გიორგი მოსიაშვილი, გიორგი ხურციძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ოთო სულაკაური, ლუკა ხუციშვილი, საბა მურღულია, ლუკა დოლიძე, სანდრო კასაბური, ნუგზარ ბოჭორიშვილი, დავით ოქროპირიძე და ვასილ სხალაძე.

25 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა 2 შეხვედრა გამართა: ლიტვურ SMK-სთან 31:56 დამარცხდა, ხოლო პოლონურ „პომერანიას“ 60:52 სძლია. მასპინძლებთან შეხვედრა ამ გუნდისთვის სადებიუტო იყო საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენს ბიჭებს ცოტა გაუჭირდათ, ხოლო მეორე მატჩი უფრო დამაჯერებლად ითამაშეს და პოლონელებს სძლიეს.
ორივე მატჩში ქართველთაგან რუსთავული სკოლის წარმომადგენელი საბა მურღულია გამოირჩა, რომელმაც ლიტველებს 10 ქულა ჩაუგდო. ამ შეხვედრაში 5-5 ქულა ჰქონდათ ნუგზარ ბოჭორიშვილს და ლუკა ხუციშვილს.
„პომერანიასთან“ შეხვედრაში მურღულიას ხელი ქუთაისელმა ლუკა ლიკლიკაძემაც შეაშველა და ზოგადად, ჯაფარიძის გუნდი მთლიანობაში საკმაოდ დაბალანსებული გამოიყურებოდა. ამჯერად რუსთაველი მოთმაშის ანგარიშზე 17 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. 11 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა დავით ოქროპირიძემ, ხოლო ოთო კასაბურმა მატჩი 10 ქულით დაასრულა. რაც შეეხება ლიკლიკაძეს, მან ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელი – 8 ჩაჭრა დააფიქსირა, რასაც 9 ქულა და 5 პასი და 3 მოხსნაც მოაყოლა.
„საქართველო 2003“ (ჩვენი ნაკრები ტურნირზე ამ სახელით ასპარეზობს) მორიგ მატჩებს 26 და 27 ნოემბერს გამართავს. შაბათს ჯაფარიძის გუნდი მინსკის რგუორ-ს დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ არვიდას საბონისის აკადემიის გუნდს შეხვდება. ევროპის ლიგის პირველი ეტპის ბოლო მატჩს ქართველები კვირას მოსკოვის „რუნასთან“ გამართავენ.
ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპს საქართველოს ნაკრები 26-29 იანვარს ესტონეთის დედაქალაქ ტალინშ გამართავს, ხოლო დასკვნითი ეტაპი 2017 წლის 23-26 მარტს ლატვიის ქალაქ რეზენეში ჩატარდება.
SMK – საქართველო 2003      56:31 (სტატისტიკა) საქართველო – პომერანია      60:52 (სტატისტიკა)