საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში ბოლო 2 სპარინგ-მატჩი გამართა

საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში ბოლო 2 სპარინგ-მატჩი გამართა

ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა 2 საკონტროლო მატჩი გამართა და ერთში იმარჯვა, ხოლო მეორეში მარცხი განიცადა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯერ „კანდავასთან“ ითამაშა დ 61:76 დამარცხდა, მეორე მატჩი კი „იელგავასთან“ იოლად – 80:57 მოიგო. იელგავაში გასამგზავრებელი ავტობუსი ქართველებს ლატვიელებმა პატივისცემის ნიშნად გამოუგზავნეს, რომლებსაც ქართული დელეგაციის წევრებთან ძველი მეგობრობა აკავშირებთ.
საქართველოს 14-წლამდელთ ნაკრები ლატვიაში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 ეტაპისთვის ემზადება, რომელსაც ქალაქი ვენტსპილსი 27-30 მარტს უმასპინძლებს. ქართველები ვენტსპილსში დღეს გადავლენ, ხოლო ხვალიდან ოფიციალურ მატჩებს გამართავენ. ჩვენი ნაკრების მეტოქეები ადგილობრივი „ვენტსპილსი“, ასევე რუსული გუნდები – „ენისეი“ და „ვასილოოსტროვსკაიაა“.

ეს უკანასკნელი სანკტ-პეტერბურგის გუნდია და ისიც შეკრებაზე ლატვიაში იმყოფება. პეტერბურგელებმა გუშინ რიგაში სპარინგ-მატჩი გამართეს და მეტოქე 15 ქულით დაამარცხეს. „ვასილოოსტროვსკაიას“ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში, 27 მარტს ხვდება.
ლატვიაში ჩვენს ნაკრებს ახლავს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალეკო პეტრიაშვილი, რომელიც ევროპული ლიგის ორგანიზატორებს შეხვდება და ტურნირის ჩატარებას დააკვირდება. ახალგაზრული ლიგის წევრები მონაცვლეობით იღებენ ვალდებულებას, ლიგის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლონ. საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ახალგაზრდული ლიგის ერთ-ერთ ტურს 2016 წელს უმასპინძლებს.