საქართველოს 2002 წელს დაბადებულთა ნაკრების მორიგი წარმატებული მატჩი ვენტსპილსში, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ქართველებმა გასული წლის ნოემბერში, ესტონეთში გამართულ პირველ ეტაპზე 5-დან 3 მატჩი მოიგეს, გუშინ ლატვიაში დაწყებულ მეორე ეტაპზე კი უკვე მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.
თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა 14-წლამდელთა ნაკრებმა დღეს დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი უკვე მოიგო. ქართველების მეტოქე ლატვიური „ლიეპაია“ იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა 78:27 გაანადგურა. მხოლოდ ბოლო პერიოდი გამოდგა თანაბარი, რომელიც 10:10 დამთავრდა, მანამდე კი ქართველებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მასპინძელთა გუნდი.
საქართველოს ნაკრებმა გუნდურად ითამაშა. ყველას მიეცა თავის გამოჩენის შანსი. საუკეთესო მაჩვენებლები დინამოელმა ირაკლი კილაძემ დააფიქსირა, რომელმაც არასრულ 16 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მითვალა. ორმაგი დუბლით გამოირჩა საბა გიგიბერია, რომელმაც 10 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ბომბარდირი გორელი ვოვა თავაქარაშვილი გახდა 14 ქულით, ხოლო ქუთაისელმა ალექსანდრე მერკვილაძემ 8 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
საქართველოს ნაკრებს ლატვიაში გუშინ დაწყებულ ეტაპზე 4 მატჩიდან 3 გამარჯვება აქვს. მომდევნო შეხვედრას ქართველები დღეს, რუსეთის მძლავრ წარმომადგენელ „ხიმკისთან“ გამართავენ, რის შემდეგაც, ლატვიური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ ლატვიურ „რიჟდანესთან“ ჩაატარებენ.