საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თავისი საქმე გააკეთა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩი ბელარუსს მოუგო და ახლა დღეს, გვიან ღამით გასამართ უნგრეთი-ჩეხეთის შეხვედრის შედეგს ელოდება. ამ უკანასკნელის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ეძლევა. თუ ჩეხეთმა უნგრეთს მოუგო, ხვალ ქართველებს ავსტრიის 5 ქულით დამარცხება ჯგუფიდან გასვლას უნაღდებს.
რაც შეეხება ბელარუსთან მატჩს, მოგება იოლად არ მოსულა. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსს აქამდე ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა, ქართველებთან ბოლომდე იბრძოლა და გია კაზანჯიანის გუნდი გვარიანად ანერვიულა. ბელარუსებს დაუბრუნდათ წინა მატჩში ტრავმის გამო უქმად მყოფი მაქსიმ ლიტიხი, რომელმაც საქართევლოსთან 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, რაც გახდა კიდეც იმის მიზეზი, რომ მატჩი ბოლო წუთებამდე დაძაბული იყო.
ბელარუსებმა პირველი მეოთხედი 7 ქულით წააგეს, თუმცა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2-ამდე შეამცირეს და ბოლო მეოთხედს მხოლოდ 4-ქულიანი დეფიციტით შეხვდნენ. ბოლო პერიოდში ქართველებმა სიმტკიცე გამოავლინეს და სლავებს მატჩის გადარჩენის საშუალება არ მისცეს.
საქართველოს ნაკრებში 19 ქულითა და 5 ჩაჭრით დავით ლომიძე გამორჩა, ვილი ისიანმა კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა. 10 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან გოგალაძემ.
საქართველოს ნაკრები ახლა მხოლოდ ჩეხეთის მოგებაზეა დამოკიდებული. თუ ჩეხებმა უნგრეთს ვერ დაამარცხებს, გია კაზანჯიანის გუნდს ჯგუფიდან გასვლის მიზერული, უფრო კი არარეალური შანსი დარჩება. უნგრელების დამარცხების შემთხვევაში კი ქართველებს, როგორც თავშივე ვთქვით, ხვალ ავსტრიელთა 5 ქულით ძლევა მომდევნო ეტაპის საგზურს უნაღდებს.
ჩეხეთისა და უნგრეთის დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. 11 აგვისტო
ბელარუსი 66:74 საქართველო
18:25, 19:14, 19:21, 10:14
სრული სტატისტიკა: 66:74