ბელარუსში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფნმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართა. გუშინ აზერბაიჯანელთა ძლევის შემდეგ, გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი დღეს მასპინძელ ბელარუსებს შეხვდა და 75:89 დამარცხდა.
საქართველოს მსგავსად, ბელარუსიც „ბ“ დივიზიონის წევრია და 29 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მაკედონიაში მოუხევს ფიბა-ს ოფიციალურ ტურნირში ასპარეზობა. ბელარუსებმა პირველი პერიოდი 15:12 მოიგეს, დიდი შესვენებისთვის კი 2 ქულით – 34:32 ლიდერობდნენ. მასპინძლებმა ქართველები მესამე პერიოდში გატეხეს, რომელიც 29:13 მოიგეს და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.
საქართველოს ნაკრებში ისევ ვერ ითამაშეს ტრავმირებულმა გოგა ბითაძემ და გიორგი ცირიკიძემ. ქართველთაგან 16 ქულით ბომბარდირი გახდა აკაკი ფიფია. 15 ქულა დააგროვა ნიკა ლეონიძემ, ხოლო ნიკა ჩეჩელაშვილისა და ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 14-14 ქულა დაგროვდა. ამ უკანასკნელმა 9 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა.
საქართველოს ნაკრები ბელარუსს ხვალ, 3 ივლისს კიდევ ერთხელ შეხვდება, რის შემდეგაც ქართველები მონტენეგროში გაემგზავრებიან.
ბელარუსი 89:75 საქართველო15:12, 19:20, 29:13, 26:30 სრული სტატისტიკა: 89:75