საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გაივლის, საკონტროლო მატჩებს გამართავს და სტამბოლიდან პირდაპირ კონტინენტის პირველობაზე (B დივიზიონი) გაემგზავრება.
მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილი 18–წლამდელები თურქეთში შეკრებაზე მყოფ ბახრეინის (17 ივლისი), ეგვიპტის (18 ივლისი) და ყატარის (19 ივლისი) ნაკრებებს შეხვდება. ევროპის პირველობა კი 21 ივლისიდან 31 ივლისამდე ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრიის, უნგრეთის, ლუქსემბურგის და მასპინძელი ბულგარეთის ნაკრებებთან მოხვდა. საქართველოს ჯგუფში ავსტრიის ნაცვლად ბელარუსს უნდა ეთამაშა, მაგრამ ბელარუსებმა მონაწილეობაზე უარი თქვა და მის ნაცვლად ჯგუფში ავსტრია ჩასვეს.
გუშინ 18–წლამდელთა ნაკრებმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც მედისა და პრესის წამომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრები თურქეთში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
უკანა ხაზი: ირაკლი მიქელაძე (ავერსი), რეზო როგავა (სოხუმი), ლევან გრძელიძე (ქუთაისი), ნიკა რამიშვილი (ავერსი), ალეკო ჩოჩია (სოხუმი);
ფორვარდები: ბექა ბურჯანაძე (კახასოლი, ესპანეთი), კახა ჯინჭარაძე (ფოთი), საბა ლობჟანიძე (სტუ), ლევან ლოლიშვილი (ორბი);
ცენტრები: გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი), ბექა ნადირაძე (ავერსი), ლერი კვანტალიანი (ავერსი)
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის თბილისში, „დინამოს“ ბაზაზე ემზადებოდა. ივნისის ბოლოს კი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც 3 საკონტროლო მატჩი ჩაატარა.
მიხეილ ბერუაშვილი:
– ჩვენს ნაკრებს ძალიან წაადგება თურქული შეკრება. უკვე ვიყავით უკრაინაში, სადაც 3 მატჩში ბიჭებმა დიდი გამოცდილება მიიღეს და შეთამაშდნენ. თურქეთში გასამართი შეხვედრებიც საამისოდ იქნება კარგი, შედეგი მეორეხარისხოვანია, მთავარია, გუნდმა კომბინაციები კარგად შეითვისოს, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე გამოვიყენებთ. რაც შეეხება ბულგარეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატს, იქ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მომდევნო ეტაპზე, ანუ ჯგუფიდან გასვლაა. დანარჩენი მერე გამოჩნდება. გუნდში საბრძოლო განწყობაა და რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა“.