საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი დანაკლისით მიემგზავრება. გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ესპანური „კახასოლის“ ფორვარდი ბექა ბურჯანაძე 20-წლამდელებს ტალინში ვერ მიჰყვება. ბურჯანაძემ მარცხენა ხელის ნეკა თითის ძვალი იტალიაში, საერთაშორისო ტურნირზე გაიბზარა. იყო იმედი, რომ ტრავმა ევროპის ჩემპიონატამდე მოუშუშდებოდა, მაგრამ დღეს ექიმებმა ბურჯანაზეს 2-კვირიანი დასვენება გამოუწერეს.
ნეკა თითის ტრავმამ ბურჯანაძე ევროპის ჩემპიონატზე არ გაუშვა
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ერთადერთია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შორის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, A დივიზიონში ითამაშებს. კონტინენტის პირველობა 9-დან 21 ივლისის ჩათვლით ტალინში გაიმართება. ჯგუფში ქართველების მეტოქეები საბერძნეთი, გერმანია, ლიტვა და სერბეთი იქნებიან. სულ კი A დივიზიონში 4 ჯგუფი და ჯამში 20 გუნდია. თითოეული ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა, ჩარჩენილი 2-2 გუნდი კი A დივიზიონში დასარჩენად იბრძოლებენ. ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშედება და B დივიზიონში ბოლო 3 გუნდი გავარდება.
დღეს 20 წლამდელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს ნაკრების კალენდარი
9 ივლისი
გერმანია – საქართველო 14:30
11 ივლისი
საქართველო – ლიტვა 19:00
12 ივლისი
საბერძნეთი – საქართველო 16:45
13 ივლისი
საქართველო – სერბეთი 14:30