საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთი დაამარცხა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთი დაამარცხა

რუმინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ქართველებმა რუმინეთის 20-წლამდელთა ნაკრები 3 ქულის სხვაობით – 61:58 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება და სპარინგ-მატჩების გასამართად რუმინეთში გაემგზავრა, საიდანაც ასევე ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ლუქსემბურგში გადავა.

დღეს, 25 ივლისს გამართულ შეხვედრაში ქართველები დამაჯერებლად ლიდერობდნენ. მესამე პერიოდში უსტიაშვილის გუნდმა 13-ქულიან უპირატესობას მიაღწია, თუმცა მასპინძლებმა ვითარების გამოსწორება შეძლეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ბოლო წუთებზე ქართველებმა ზუსტად შეასრულეს საჯარიმოები, რომლებსაც რუმინელები ტაქტიკურად, დროის მოსაგებად იღებდნენ. ზუსტმა საჯარიმო სროლებმა ქართველებს გამარჯვება მოუტანა.
საქართველოს ნაკრებში 23 ქულით საუკეთესო იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებშიცაა გამოძახებული და „ბ“ დივიზიონის დასრულების შემდეგ, იგორ კოკოშკოვის გუნდს შეუერთდება. რუმინელებს 8-8 ქულა ჩაუგდო ნოდარ გოგოძემ და კახა ტომარაძემ.
ამ მატჩში ტრავმა მიიღო და მომდევნო მატჩში ქართველებს ვერ დაეხმარება ირაკლი მიქელაძე, რომელსაც სათამაშო ეპიზოდში სახეში მეტოქის იდაყვი მოხვდა. მიქელაძეს ცხვირი მსუბუქად, თუმცა გატეხილი აქვს.