საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მაკედონია. სკოპიე. 20 ივლისი
საქართველო 62:53 შვედეთი
11:13 16:9 15:17 20:14
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრები მაკედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფიდან გავიდა. ჩვენმა 20–წლამდელებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მანამდე წაუგებელი შვედეთის ნაკრები 62:53 დაამარცხეს და პირველ ადგილზე გავიდნენ. უსტიაშვილის გუნდმა ტურნირი პორტუგალიასთან მარცხით დაიწყო, თუმცა მერე ისეთი სისწრაფე აკრიფა, რომ ყველა თამაში მოიგო და ჯგუფიდან საბონუსე ქულით გავიდა.
რას ნიშნავს ბონუს–ქულა? ჯგუფიდან გასული 2 გუნდი მომდევნო ჯგუფურ ეტაპზეც ერთად იქნებიან, მაგრამ ერთმანეთში აღარ ითამაშებენ – მათ შორის უკვე გამართული მატჩის შედეგი გადაყვებათ და დარჩენილ მატჩებში მხოლოდ სხვა ჯგუფიდან გამოსულ 2 გუნდს შეხვდებიან. ანუ საქართველო მომდევნო ჯგუფურ ეტაპს 2 ქულით იწყებს – ისევე როგორც პოლონეთი, რომელმაც B ჯგუფიდან მასთან ერთად გასულ ფინათს მოუგო. მაშ ასე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ზეგიდან მეორე ჯგუფურ ეტაპში ჩაებმება, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ზემოთ ნახსენები პოლონეთი, ფინეთი და შვედეთი.
შვედეთთან მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და დაცვაზე აკეთებდა აქცენტს, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა – მთლიანობაში მეტოქეებმა 115 ქულა ჩაუგდეს ერთმანეთს.
პირველი მეოთხედი შვედებმა 13:11 მოიგეს, თუმცა მეორედან უსტიაშვილის შეგირდები ამოქმედდნენ და ლიდერობას მალევე დაეპატრონნენ. თავი ისახელეს მოგვარეებმა – თორნიკე და ლევან შენგელიებმა, რომლებსაც ფარფვეშიდან კარგი თამაშით ნიკა მეტრეველი ეხმაურებოდა და პირველი ტაიმი ქართველებმა 27:22 მოიგეს.
დიდი შესვენების შემდეგ შვედებმა შეძლეს თამაშის გამოსწორება და არათუ წამოწევა, დაწინაურებაც კი მოახერხეს – 37:36 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3 წუთით ადრე. თუმცა ქართველებმა ძალა მოიკრიბეს და შვედებს შანსი აღარ დაუტოვეს. კოკა ტომარაძემ რამდენჯერმე გაარტყა მიზანში და მას ჩევნიანთა ლიდერი თორნიკე შენგელიაც წაეხმარა, რის შემდეგაც, მეოთხე ათწუთეულის შუაწელში, საქართველო 54:46 დაწინაურდა. დარჩენილ დროში უსტიაშვილის გუნდს შვედები სათოფეზე აღარ გაუკარებია და საბოლოოდ საამაყო გამარჯვებასაც მიაღწია.
 
 
რიჩარდ მათიაშვილი (ცენტრში)
 
20 ივლისი
ლუქსემბურგი 66:96 სლოვაკეთი
 
საბოლოო ცხრილი
 
საქართველო                       4          3          1          7
შვედეთი                                4          3          1          7
პორტუგალია                         4          2          2          6
სლოვაკეთი                            4          1          3          5
ლუქსემბურგი                        4          1          3          5