ამხანაგური მატჩი. უტრეხტი. 31 ივლისი
ჰოლანდია 79:63 საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც 20 ივლისიდან ავსტრიაში გადის შეკრებას, რამდენიმე წუთის წინ დაასრულა ამხანაგური მატჩი ჰოლანდიის ნაკრებთან. იგორ კოკოშკოვის არასრულად შეკრებილი გუნდი ავსტრიიდან მეზობელ ჰოლანდიაში გადავიდა და ქალაქ უტრეხტში მასპინძლებთან პირველი სპარინგ–მატჩი 63:79 დათმო.
ჩვენს ნაკრებს მიზეზთა გამო ჯერ არ შეერთებიან ზაზა ფაჩულია, ტაირონ ელისი და ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თუმც მოსამზადებელი მატჩები უკვე დაიწყო და 1 აგვისტოს უკვე მეორე დაპირისპირება გველის ჰოლანდიელებთან.
რაც შეეხება წაგებულ შეხვედრას, მასში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია მანუჩარ მარკოიშვილს, ხოლო კიდევ ორმა მოთამაშემ მატჩის მსვლელობისას დატოვა მოედანი. გიორგი შერმადინმა მეორე მეოთხედში ფეხი დაიჭიმა და ტრავმის გართულების შიშით ის მოედანს გაარიდეს, ხოლო ვლადიმერ ბოისას მეოთხე მეოთხედის დასაწყისში თვალში მეტოქის იდაყვი მოხვდა და თამაში აღარ გაუგრძელებია. თუმცა სერიოზული არაფერია და ბოისა მომდევნო მატჩს სავარაუდოდ ითამაშებს.
პირველი ტაიმი მეტ–ნაკლებად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ქართველები მეტოქეს არ რჩებოდნენ და მეორე მეოთხედის მიწურულისკენ ანგარიში 33:30 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. გარდატეხა მესამე მეოთხედში მოახდინეს ჰოლანდიელებმა. აღნიშნული პერიოდი მასპინძლებმა 21:11 მოიგეს და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ. ხვალ, თბილისის დროით 22 საათზე, ჰოლანდია – საქართველოს მორიგი სპარინგ–მატჩი დაიწყება.
ჰოლანდიელთა ცენტრი – ვან პაასენი ქართველების გარემოცვაში
გიორგი შერმადინი ჰოლანდიელ მეტოქეს გადაეღობა
ფრანცისკო ელსონისა და ვიქტორ სანიკიძის საჰაერო ბრძოლა