საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთში პირველი მარცხი განიცადა

საქართველოს “ბ” ნაკრებმა ჩინეთში პირველი მარცხი განიცადა

ჩინეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ეროვნულმა „ბ“ ნაკრებმა პირველი მარცხი განიცადა. დავით უსტიაშვილისა და რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჩინეთის ნაკრებს შეხვდა, რომლის წევრებიც უმეტესად ეროვნული ნაკრებიდან იყვნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 95:68 დასრულდა.
ჩინეთის ნაკრებთან თამაში არ იგეგმებოდა, თუმცა მასპინძელთა ეროვნული გუნდი იმ პროვინციაში გადის შეკრებას, სადაც საქართველოს ნაკრები იმყოფება და პატივისცემის ნიშნად, ჩინელები ვარჯიშის ტოლფას ამხანაგური მატჩში ქართველებს დაუპირისპირდნენ.
მატჩი არაპფიციალური გახლდათ და ჩინეთის ნაკრებში 17-მა კალათურთელმა ითამაშა. მასპინძლებს ნომრიანი მაისურებიც კი არ ეცვათ. შესაბამისად, არ იწარმოებოდა არც სტატისტიკა და ვის რა მონაგარი დაუგროვდა, ინფორმაცია არ არსებობს. საქართველოს ნაკრებში ყველა იმ კალათურთელმა ითამაშა, რომელიც შეკრებაზე იმყოფება.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქის ვინაობა ხვალ გაირკვევა.