საქართველოს ბელგიაში მოგებამდე ცოტა დააკლდა

საქართველოს ბელგიაში მოგებამდე ცოტა დააკლდა

5 აგვისტო
ანტვერპენი, ლოტო არენა, 3500 მაყურებელი
ბელგია 74:64 საქართველო  
19:23, 19:18, 16:13, 20:10
ბელგია: მოორსი (5ქ), ვან როსომი (7ქ), ბეგინი (17ქ), ერველე (6მ, 3ჩ, 9ქ), ოვენეკე, იონკჰეიდი, ლაუერსი (13ქ), დრიესენი, ტაბუ-ებომა (14ქ), მუია (2ქ), ფეისონი (7ქ)
საქართველო: გამყრელიძე, ფაჩულია (20ქ), ცინცაძე (5ქ), შერმადინი (5ქ), მარკოიშვილი (7ქ), სანიკიძე (8მ, 10), გრინი (10ქ), ცქიტიშვილი (3ქ), შენგელია (4მ, 4ქ)
მსაჯები: ედი ვიატორი (საფრანგეთი), იოანის ფუფისი (საბერძნეთი), ჰაიდნ ჯონსი (უელსი)
 
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიაში 10 ქულით წააგო და ახლა თითო მოგებ–წაგება აქვს. იგორ კოკოშკოვის გუნდმა პირველ ტურში პოლონელეი თბილისში დაამარცხა, ბელგიაში გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთებზე ქართველებს ძალა აღარ ეყოთ.
 
არადა, ქართველებმა ძალიან კარგად დაიწყეს თამაში და მატჩის პირველ ტაიმში გამუდმებით წინ იყვნენ. ზაზა ფაჩულია აშკარად ჯაბნიდა მეურვეებს და პირველი მეოთხედიც ქართველებმა 23:19 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ბელგიელებმა თამაში გაათანაბრეს. ამოქმედდა მასპინძელთ ცენტრი კრისტოფ ბეგინი, ხოლო ტაბუ ებომამ სამქულიანებიც ჩააგდო და ბურთსაც კარგად ათამაშებდა. ბელგიელებმა დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირეს.
 
მესამე მეოთხედში მოხდა ის, რამაც ჯერ ხასიათი გაგვიფუჭა, ხოლო მერე მალევე იმედი ჩაგვისახა. ბელგიელებმა სწრაფი თამაშის წყალობით მოახერხეს 10–ქულიანი ლიდერობის მოპოვება, თუმცა მესამე მეოთხედის ბოლო 3 წუთში ქართველებმა დიდებულად ითამაშეს და ამ ჩამორჩენის გაბათილება მოახერხეს – 54:54 ბოლო მეოთხედის წინ.
 
გადამწყვეტ მომენტში მასპინძლები აღმოჩდნენ მოწოდების სიმაღლეზე. ქართველებს შეტევების დასაგვირგვინებლად ხან სიზუსტე, ხანაც სისწრაფე აკლდათ. ბელგიელებს გაუმართლა იმანაც, რომ მათმა უკანახაზელმა დიმიტრი ლოუერსმა 2 სამქულიანი ჩააგდო და მასპინძლების ლიდერობამ კვლავ სოლიდური ხასიათი მიიღო. კოკოშკოვის გუნდმა შორი სროლებით სცადა ვითარების გამოსწორება, მაგრამ ვერც გიორგი ცინცაძემ გაარტყა მიზანში, ვერც ვიქტორ სანიკიძემ და ვერც ტორინ გრინმა.
 
საბოლოოდ საქართველო 10 ქულით დამარცხდა, თუმცა მაინც ჯგუფის ლიდერად ითვლება, რადგან ასევე 3 ქულის მქონე პოლონეთს პირად შეხვედაში ჯაბნის.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ჩვენგან გალახულმა პოლონელებმა პორტუგალია გამოიჭირეს და 22 ქულით მოუგეს. სწორედ პორტუგალიაა ქართველების მომდევნო მეტოქე. 11 აგვისტოს სპორტის სასახლეში კოკოშკოვის გუნდს ჯგუფის აუტსაიდერთან მოუწევს დაპირისპირება.
 
1. საქართველო       2    1    1    148/139    3
2. პოლონეთი          2    1    1    151/148    3
3. ბელგია                1    1    0      74/64      2
4. ბულგარეთი        1    1    0      67/59      2
5. პორტუგალია      2    0    2    123/153     2
 

გიორგი შერმადინი და ვან დერ იონკეიდი