საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალისთვის ემზადება. იგორ კოკოშკოვის გუნდი პლეი ოფის ბოლო, მერვე შეხვედრას თამაშობს. 4 წყვილი ხვალ, 12 სექტემბერს ითამაშებს, ხოლო დანარჩენები – 13-ში.
საქართველოსა და ლიტვის მერვედფინალური მატჩი 13 სექტემბერს ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გაიმართება. ამ გუნდების გამარჯვებულს მეოთხედფინალში იტალია – ისრაელის გამარჯვებულთან მოუწევს თამაში.
საქართველოს ნაკრები ზაგრებიდან ლილში წუხელ, ღამის 3 საათზე ჩავიდა (ვიდეო). ქართველები პიერ მაროს სახელობის სტადიონზე ადგილობრივი დროით 22:15 საათზე ივარჯიშებენ. სწორედ სტადიონია ის არენა, სადაც ევრობასკეტის მერვედფინალები უნდა გაიმართოს. პიერ მაროს სტადიონზე ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ლილი“ თამაშობს, თუმცა სპორტკომპლექსი ისეთი უნიკალური კონსტრუქციისაა, რომ იხურება და იქ ნებისმიერი სპორტული, თუ არასპორტული ღონისძიების გამართვაა შესაძლებელი.
სტადიონი 27 ათასს მაყურებელს იტევს და ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული არენაა მთელს მსოფლიოში. არენა საკალათბურთო მატჩების მისაღებად მზადაა. დღეს, შუადღიდან იქ ის გუნდები ივარჯიშებენ, რომლებიც 12 სექტემბერს თამაშობენ მერვედფინალებს. გვიან ღამით კი პიერ მაროს არენას ქართველები დააჭაშნიკებენ.
საქართველოს ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. წუხანდელი გამარჯვებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ გუნდის წევრები მომავლის იმედით არიან გამსჭვალულნი და ლიტვასთან 13 სექტემბრის მატჩსაც მოუთმენლად ელიან. ქართველები გატეხილი ღამის შემდეგ საღამომდე დაისვენებენ. ვარჯიშამდე მწვრთნელთა შტაბი გუნდს ვიდეო-გაკვეთილს ჩაუტარებს, სადაც ლიტვის ნაკრების თამაშის თავისებურებებზე, მომავალ მეტოქესთან თამაშის სტრატეგიაზე იქნება საუბარი.