საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, გამთენიისას საფრნგეთში, ისტორიულ ქალაქ რუანში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მორიგ საკონტროლო მატჩებს გამართავს. საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს რუანის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც იგორ კოკოშკოვის გუნდთან ერთად ბელგიისა და მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები პარიზში სტამბოლის გავლით, შუადღით ჩაფრინდა, სადაც საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ ავტობუსი დაახვედრა და ნაკრებმა მცირე დაგვიანებით გეზი საფრანგეთის დედაქალაქიდან 135 კილომეტრში მდებარე ქალაქ რუანისკენ აიღო. დაყოვნების მიეზეზი მცირე ზომის ავტობუსი იყო, რომლის საბარგულმაც ჩვენი ნაკრების ბარგი ვერ დაიტია და მცირე ჭოჭმანის შემდეგ ჩემოდნების სალონში ატანა გადაწყდა.
რუანი ისტორიული ქალაქია, რომელიც შუა საუკუნეების ევროპაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური თვალსაზრისით. რუანში სახელგანთქმული საკათედრო ტაძარია, სადაც ინგლისის ერთ-ერთი სახელგანთქმული მონარქის, რიჩარდ ლომგულის გულია დასვენებული (ეს ტერიტორია და მთლიანად საფრანგეთი იმ დროს ინგლისის მიერ იყო დაპყრობილი). ცნობილი ბრიტანელი მეფის გული სპეციალურად დამზადებულ რიჩარდ ლომგულის აკლდამაშია მოთავსებული და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.
ტაძრის შორიახლოს მდებარე სასტუმრო „მერკურში“ საქართველოს ნაკრები 16:00 საათისთვის მივიდა. „კინდარენაზე“, სადაც ტურნირის მატჩები უნდა გაიმართს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დღეს, თბილისის დროით 10:40 საათზეა დაგეგმილი. ტრავმირებული არავინაა. თორნიკე შენგელია, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, თავს კარგად გრძნობს და სავარაუდოდ ორივე ამხანაგურ მატჩში ითამაშებს. თუმცა დაზღვევის მიზნით შენგელია ტრავმირებულ ფეხის კუნთზე საფრანგეთში კიდევ ერთხელ გაივლის სამედიცინო დიაგნოსტიკას და მისი რუანში თამაშიც საბოლოოდ ამის მერე გადაწყდება.
საქართველოს ნაკრები ბელგიას 20 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე შეხვდება, ხოლო საფრანგეთთან კოკოშკოვის გუნდი 21-ში 22:00 საათზე ითამაშებს.