საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში ჩავიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში ჩავიდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიის დაბა პოტჩეტრტეკში დღეს, მოსკოვის გავლით, საღამოს 6 საათზე ჩამოვიდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ქართველები 16 ივლისს, გამთენიისას გაფრინდნენ მოსკოვში და დილაუთენია ჩასულთ, მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტში საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ ლოდინი.
თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, მთელს მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლა შეფერხებით მიმდინარეობს და თითქმის ყველა რეისი იგვიანებს. დილის 10:20 საათზე დანიშნული მოსკოვი-ზაგრების რეისი, რუსეთის დედაქალაქიდან 13:40 საათზე გაფრინდა. ხორვატიის დედაქალაქი საქართველოს ნაკრებს წვიმიანი ამინდით დაუხვდა, თუმცა მომქანცველი მგზავრობის შემდეგ გაგრილება ჩვენი გუნდელებისთვის სასიამოვნო გამოდგა და საპასპორტო კონტროლის სწრაფად გავლის შემდეგ ზუროსის გუნდმა ავტობუსით გეზი სლოვენიისკენ აიღო.
მეოთხე სეზონია, საქართველოს ნაკრები სლოვენიის ულამაზეს დაბა პოტჩეტრტეკში ემზადება. აქ არსებული სასტუმრო კომპლექსი და სპორტული დარბაზი შეკრების გასავლელად ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. იმ მოთამაშეებს, რომლებიც ნაკრებში ბოლო წლებია, არიან, „ტერმე ოლიმპიას“ პერსონალი სიხარულითა და მოკითხვებით შეხვდა. ჩვენი ნაკრების წევრებს ოთახების მისაღებად და სარეგისტრაციოდ დრო არ გასწელვია – ადმინისტრატორს პასპორტი მიაწოდეს და მყისიერად თავიანთი ნომრების გასაღები მიიღეს. საქართველოს ნაკრების წევრებმა ისადილეს და დასასვენებლად ოთახებს მიაშურეს. საღამოს 9-ის ნახევარზე ილიას ზუროსმა მსუბუქი ვარჯიში დანიშნა – კალათბურთელები ბურთით არ ივარჯიშებენ და ძირითადად ბერძენი გიორგიოს ვავეცისის ხელმძღვანელობით მოითელებიან.