საქართველოს ეროვნული ნაკრების ის შემადგენლობა, საიდანაც ევრობასკეტისთვის 12 კალათბურთელი შეირჩევა, ცნობილია. სერბმა სპეციალისტმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, 16-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს 16 კალათბურთელი 28 ივლისიდან ლატვიაში დაიწყებს ვარჯიშებს, მთლიანობაში 6 მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს და აგვისტოს ბოლოს კვიპროსში, ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება.
შემადგენლობაში ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებთან ერთად ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელები არიან. გოგა ბითაძეს და სანდრო მამუკელაშვილს ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის 6 მატჩში გასაგები მიზეზის გამო არ უთამაშიათ, თუმცა ევრობასკეტის მსვლელობისას ნბა-ში სეზონთშორისი პერიოდია და იქ მოთამაშე კალათბურთელები საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობენ.
გაფართოებულ შემადგენლობაში 7 სუპერლიგის მოთამაშეა, ერთიც ამერიკელი გამთამაშებელი, ნატურალიზებული საქართველოს მოქალაქე, კამარ ბოლდუინი. ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრები შეკრებას ლატვიის კურორტ იურმალაში დაიწყებს, სადაც ერთკვირიანი ვარჯიშების შემდეგ 2 სპარინგ-მატჩს – ისრაელთან და ესტონეთთან გამართავს.
მთლიანობაში, საქართველო 6 მოსამზადებელ მატჩს გამართავს ევროპის 4 ქვეყანაში – ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში და ჩეხეთში. სწორედ ჩეხეთიდან, 25 აგვისტოს, საქართველოს ნაკრები კვიპროსში გაემგზავრება, სადაც 28 ივლისს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ესპანეთთან გამართავს.

