საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა და თბილისის მერიის თასი მოიგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა და თბილისის მერიის თასი მოიგო

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. დედაქალაქის მერიის თასზე საქართველოში სათამაშოდ დიდი ბრიტანეთის, ბელარუსისა და მოლდოვის ნაკრებები ჩამოვიდნენ, რომლებიც იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა იოლად დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან ფინალის ტოლფას მატჩში გაუჭირდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში, როცა ყველაზე პრინციპული იყო კარგი თამაში,  ჩვენმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა. გუნდური თამაშის წყალობით ქართველებმა ბელარუსი ორციფრიანი სხვაობით ჩამოიტოვეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.

ისედაც შესუსტებული შემადგენლობით მყოფ საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან ვიქტორ სანიკიძე და დუდა სანაძეც დააკლდათ. ვიქტორს წელი სტკივა, სანაძეს კი ფეხმა შეაწუხა და მწვრთნელებმა მათ დასვენების, ჩეხეთთან ოფიციალური მატჩისთვის მომზადების საშუალება მისცეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, ზაზა ფაჩულიას საჩემპიონო თასი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიემ გადასცეს.
ყიფიანმა, ნარმანიამ და გაბრიჩიძემმ დააჯილდოვეს ტურნირზე მეორე ადგილზე გასული ბელარუსიც.  ხოლო მოლდოვისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებებს სამახსოვრო პრიზები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებმა: კახა შენგელიამ და ვლადიმერ ბოისამ გადასცეს.მოლდოვას და დიდ ბრიტანეთს სამახსოვრო პრიზები გადასცეს.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ბოლო მოსამზადებელი მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წინ. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს.

 
დიდი ბრიტანეთი – მოლდოვა     92:43
 
საბოლოო ცხრილი

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
კოტე ტუღუში(საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი):  მოგილოცავთ ყველას ამ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი მოსამზადებელი ხასიათის იყო, საკუთარ კედლებში გამარჯვება თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშველოვანი იყო. ეს მატჩები ძალიან წაადგება ჩვენს გუნდს. რაც შეეხება ბელორუსის ნაკრებს, მათ ბოლო რამდენიმე წელია დიდი პროგრესი განიცადეს და ვფიქრობ, ისინი მომავალ ევრობასკეტზე თავიანთ ადგილს მოიპოვებენ. მადლობა მათ ჩამოსვლისთვის და ასეთი კარგი მატჩისთვის, რომელიც ძალიან გამოგვადგება.
თორნიკე შენგელია(საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): პირველ რიგში, დიდ მადლობას ვეტყვი ბელორუსის ნაკრებს ჩამოსვლისთვის და ამ ტურნირში მონაწილეობისთვის. ეს თამაშები ჩვენთვის  ბევრს ნიშნავს, რადგან ევროპის შესარჩევი ეტაპისთვის სერიოზულად ვემზადებით. ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა და გვერდში გვედგა.  გუნდი ყველა ტურნირზე პროგრესირებს. რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და შეცდომები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. იმედია, შესარჩევ ეტაპზე სათანადო დონეზე ვიქნებით.
დუშან გვოზდიჩი, ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში, მადლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, მადლობა ასეთი გულთბილი დახვედრისთვის და მასპინძლობისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევ მატჩებში, არაჩვეულებრივი გუნდი, ძალიან ძლიერი მწვრთნელი და მოთამაშეები გყავთ. დღევანდელი თამაში ორივე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩვენთვის ეს ბოლო მოზამზადებელი შეხვედრა იყო ოფიციალურ მატჩებამდე და გამოვცადეთ გარკვეული კომბინაციები. ისეთი ძლიერი მოთამაშეების გვერდით თამაშისას, როგორიც საქართველოს ნაკრებს ჰყავს, უფრო კარგად ჩანს გუნდის ხარვეზები და პრობლემები.  თქვენ გაკლდათ წამყვანი მოთამაშეები და მინდა გისურვოთ, ევროპის შესარჩევ ეტაპზე სრული შემადგენლობით იასპარეზოთ. საქართველო საკალათბურთო ქვეყანაა და კიდევ ერთხელ მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს.
 
ალექსანდრ კუდრიავცევი, ბელარუსის ნაკრების კაპიტანი: დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ამ ტურნირზე მოწვევისთვის. ძალიან კარგი გუნდი გყავთ და მინდა წარმატებები გისურვოთ ოფიციალურ შეხვედრებზე. კარგი თამაში გამოვიდა, ჩვენი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, თუმცა გამოცდილება არ გვეყო და საქართველოს ნაკრებმა ნამდვილად დამსახურებულად გაიმარჯვა.
ფოტოგალერეა: https://www.facebook.com/GeoBasketball/photos_stream