საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთში 83:79 გაიმარჯვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთში 83:79 გაიმარჯვა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C  ჯგუფი. 14 აგვისტო
სოფია. უნივერისადა. 3000 მაყურებელი
ბულგარეთი 79:83 საქართველო
22:23 21:16 11:19 25:25
 
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპობა! იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილმა ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთში მასპინძელთა კერკეტი გუნდი 83:79 დაამარცხა და ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.
 
ჩვენგან ძლეული ბულგარეთის ნაკრები გასულ, 2009 წლის ევროპის ჩემპინატზის ფინალურ ეტაპზე შესარჩევ ტურნირზე მოპოვებული 4 გამარჯვებით გავიდა. ბულგარელებმა მაშინ 8 თამაშიდან 4 მოიგეს, 4 წააგეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, რამაც მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. საქართველოს ნაკრებს კი უკვე 3 გამარჯვება აქვს (4 მატჩში) და წინ კიდევ 4 თამაში აქვს გასამართი. მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, უბრალოდ ვიტყვით, რომ ბულგარეთში მოპოვებულმა დღევანდელმა გამარჯვებამ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაუზარდა.
 
თუ რა ხდებოდა ბულგარეთში, ქართველმა გულშემატკივარმა პირველი არის ტრანსლაციით უყურა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი დამაჯერებლად, ძალიან მობილიზებულად ჩაატარა და მაშინ, როცა ყველაზე საშიში იყო მეტოქე, სწორედ იმ მომენტში დაჯაბნა მასპინძლები.
 

ზაზა ფაჩულია ფილიპ ვიდენოვის დაფარებას ცდილობს
 
პირველი მეოთხედი ჩვენებმა 23:22 მოიგეს, თუმცა მეორეში ბულგარელთა ლიდერი, თითქოს ტრავმირებული ,მაგრამ მოედანზე მაინც გამოსული ფილიპ ვიდენოვი აბობოქრდა და მასპინძლებმა 21:16 მოიგეს ათწუთეული და დიდ შესვენებაზე 4–ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
 
მესამე პერიოდი ვიქტორ სანიკიძის სამქულიანით განახლდა, რასაც მანვე საჯარიმო მოაყოლა და შემდეგ თორნიკე შენგელიამ ჩატენა – ქართველები 45:43 დაწინაურდნენ და ამის შემდეგ თამაში ქულა–ქულაში გაგრძელდა. მესამე მეოთხედის ბოლო წუთებზე მანუჩარ მარკოიშვილმა გაიბრწყინა, რომელმაც მიჯრით 5 ქულა ჩააგდო, რასაც ნიკოლ ცქიტიშვილმა ზუსტი საჯარიმოები მოაყოლა და საქართველო გადამწყვეტი მეოთხედის წინ 58:54 დაწინაურდა.
 
ბოლ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მტკიცე ნერვები გამოიჩინა. ქართველები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქეს წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. გარდამტეხი მომენტი დადგა ბოლო მეოთხედის შუაწელში, როცა ბულგარელები 63:61 იგებდნენ და ზაზა ფაჩულიამ დიდებული თამაშის წყალობით ზედიზედ 4 ქულა მოიპოვა და ქართველები 66:63 დააწინაურა. ამას მარკოიშვილმა და სანიკიძემ ზუსტი ორქულიანები მოაყოლეს და ჩვენი ნაკრები საფინალო სირენამდე 5,23 წუთით ადრე 8 ქულით – 71:63 დაწინაურდა. ანუ ქართველებმა მეტოქეს მოკლეხნიანი ეპიზოდი 10:0 მოიგეს და ამით გამარჯვების განაცხადიც გააკეთეს.
 
მასპინძლებმა წუთშესვენება აიღეს და ამან ცოტა გამოაფხიზლა ჩვენი ოპონენტები. ფილიპ ვიდენოვმა და დეიან ივანოვმა მიჯრით 6 ქულა მოიპოვეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, თუმცა ამ დროს დადგა ქართულად ნატურალიზებული ამერიკელის, ტორინ გრინის ჯერი, რომელმაც ბოლო 2 წუთში 8 ქულა ჩააგდო და ბულგარელებს წარმატების ყველანაირი შანსი გადაუწურა. გრინმა ჯერ სამიანი ჩააგდო, ხოლო მერე, ბოლო წუთხე 4–დან 3 საჯარიმო მიითვალა და როცა მანუჩარ მარკოიშვილმაც უმნიშვნელოვანესი ორქულიანი ჩააგდო, ბულგარეთს შანსები გადაეწურა.
 
საქართველოს ნაკრებში უბადლოდ იტამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც 25 წუთში 23 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 5–დან ხუთივე ორქულიანი ჩააგდო და არც შორიდან გამრუდებია მიზანი: 5–დან 4 სამიანი მიითვალა. 14 ქულა დააგროვა გრინმა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ 12 ქულა და 8 ქულა მოუტანა გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს.
 
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს, პოლონეთში გამართავს. პოლონელებმა კი დღეს ჯგუფში წაუგებელი ბელგია 93:73 დაამარცხეს, რის შემდეგაც საქართველო ჯგუფში გალიდერდა.
 
1.         საქართველო           4          3/1       304/275          7
2.         ბელგია                      4          3/1       299/295          7
3.         პოლონეთი               4          2/2       314/295          6
4.         ბულგარეთი             4          2/2       289/286          6
5.         პორტუგალია           4          0/4       249/304          4