საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე ტრენტოს საერთაშორისო ტურნირი ლამაზი გამარჯვებით დაასრულა. იტალიასთან და პოლონეთთან დამარცხების შემდეგ იგორ კოკოშკოვის გუნდი დასკვნით მატჩში ისრაელს შეხვდა და დრამატულ ფინალში – 79:77 მოუგო. ქართველების გამარჯვება განსაკუთრების შთამბეჭდავი იმითაა, რომ კოკოშკოვის გუნდი ბოლო წუთზე 5 ქულით აგებდა და უკანასკნელ წამებზე გამოჩენილი ბრძოლისა და სიზუსტის ხარჯზე მოახერხა საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება.
ტრენტოს საერთაშორისო ტურნირი. 9 აგვისტო
საქართველო 79:77 ისრაელი
24:12, 17:25, 18:23, 20:17
სრული სტატისტიკა: 79:77
საქართველო: ცინცაძე (33 წ. 11 ქ.), შერმადინი (35 წ. 18 ქ. 15 მ.), მარკოიშვილი (36 წ. 20 ქ. 5 პ. 3 ჩ.), ფაცაცია (26 წ. 6 ქ. 4 მ. 3 პ.), სანიკიძე (32 წ. 20 ქ. 9 მ.); მეტრეველი (3 წ.), სანაძე (14 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (5 წ.), ბურჯანაძე (5 წ.), ლეჟავა (4 წ. 2 ქ.), ფხაკაძე (7 წ.).
ისრაელი: ლიმონადი (7 წ.), ოჰაიონი (27 წ. 13 ქ.), კასპი (31 წ. 20 ქ. 8 მ.), ელიაჰუ (21 წ. 10 ქ.9 მ. 3 პ.); ნისიმი (17 წ. 7 ქ. 5 პ.), ნაიმი (4 წ.), პნინი (20 წ. 15 ქ. 3 პ.), კოზიკარო (7 წ. 2 წ. 4 მ.), ელიშაი (28 წ. 8 ქ. 6 მ.), ჰანოჩი (26 წ. 2 ქ.).
ტრენტოში ებრაელებმა პოლონეთი 81:65 დაამარცხეს, ხოლო გუშინ, იტალიასთან მხოლოდ 3 ქულა დათმეს. ისარელის ნაკრები საქართველოსთან მატჩში უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ქართველების მწვრთნელს უწინდელზე მეტი პრაგმატიზმი დასჭირდა საიმისოდ, რომ გამარჯვება მოეპოვებინა. როგორც მატჩის შემდეგ განაცხადა კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით ამჯერად მოგებაზეც ვფიქრობდით და გუნდის ლიდერებს მეტი სათამაშო დრო მივეცითო.
ლიდერებმაც გაამართლეს – სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა შესანიშნავად ითამაშა. გიორგი შერმადინი ფარქვეშ ბატონობდა, მანუჩარ მარკოიშვილი პერიმეტრზე, ვიქტორ სანიკიძე უნივერსალიზმით გამოირჩეოდა და ფარქვეშ თამაშს შორ სროლებსაც შედეგიანად უთავსებდა. ქართველებმა მძლავრად დაიწყეს შეხვედრა და 24:9 დაწინაურდნენ. მეოთხედი 24:12 დასრულდა, რის შემდეგაც ებრაელებმა სათადარიგოთა ხარჯზე თამაში გამოასწორეს და ანგარიშის გაბათილებას შეუდგნენ.
საქართველოს ნაკრებს სარეზერვო მოთამაშეებმა ვერ გაუმართლეს. შეცვლაზე შემოსულმა კალათბურთელებმა მთლიანობაში 4 ქულა (სანაძე 2, ლეჟავა 2) ჩააგდეს, როცა ებრაელთა მარქაფების ანგარიშზე 34 ქულა დაგროვდა. პირველი ტაიმის დასასრულისთვის ქართველების ლიდერობა 4 ქულამდე შემცირდა.
არიკ შივეკმა იგორ კოკოშკოვს გამარჯვება მიულოცა
დიდი შესვენების შემდეგ ებრაელებმა შედეგიანი თამაში განაგრძეს და ლიდერობაც მალე მოიპოვეს, თუმცა ანგარიშში ჩამორჩენას ქართველებზე ფსიქოლოგიურად არ უმოქმედია. ლიდერი ხშირად იცვლებოდა, მესამე მეოთხედის ბოლოს კი ისრაელი მინიმალური სხვაობით – 60:59 იგებდა. გადამწყვეტი მეოთხედიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ებრაელებმა, როგორც თავში ვახსენეთ, ბოლო წუთზე 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებაც თითქოს გაინაღდეს – 77:72 დასრულებამდე 59 წამით ადრე.
დარჩენილ დროში მოხდა ის, რაც ქართველების მაღალ კლასსა და დიდ ბრძოლისუნარიანობაზე მიუთითებს. მანუჩარ მარკოიშვილის მოხდენილად ჩატენილ ბურთს ვიქტორ სანიკიძემ ზუსტი სამქულიანი და საფინალო სირენამდე წამით ადრე შესრულებული გამარჯვების ორქულიანი მოაყოლა და…
საქართველომ ისრაელი 79:77 დაამარცხა!
9 აგვისტო
იტალია – პოლონეთი 76:65
სატურნირო ცხრილი (საბოლოო მდგომარეობა)
იტალია 3 0 0 +30 6
ისრაელი 3 1 2 +11 4
პოლონეთი 3 1 2 -15 4
საქართველო 3 1 2 -26 4