საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას 16 ქულით მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას 16 ქულით მოუგო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. C  ჯგუფი.
თბილისი. სპორტის სასახლე. 19:00. 9700 მაყურებელი
საქართველო 73:57 პორტუგალია
12-16, 19-9, 15-13, 27-19
მსაჯები: ვლადიმირ დრაბიკოვსკი (უკრაინა), გილი კოენი (ისრაელი),
ერსან კარტალი(თურქეთი)
კომისარი: ტონი კოლგანი (ავსტრია)
 

 
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი საშინაო მატჩი მოიგო და ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფში მეორე ადგილზე აინაცვლა. წინა ტურში ბელგიაში მარცხის შემდეგ ქართველები ცხრილში დაბლა დაეშვნენ, თუმცა დღეს პორტუგალიის 16–ქულიანი ძლევით იგორ კოკოშკოვის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
 
საქართველოს ნაკრები მესამე მეოთხედიდან გაიხსნა, მანამდე კოკოშკოვის გუნდს პორტუგალიელთა ხისტი დაცვის გამო ქულების მოპოვება უჭირდა. პირველი მეოთხედი სტუმრებმა 16:12 მოგვიგეს, რაც ამ მატჩის დაცვით მხარეზე მიუთითებს. პირველ მეოთხედში პორტუგალიელები საიმედოდ იცავდნენ საკუთარ ფარს, თავიანთ მხრივ კი ძალიან აქტიური ჰყავდათ ნატურალიზებული ამერიკელი ჰეშიმუ ევანსი, რომელიც რამდენჯერმე შედეგიანად შემოიჭრა ჩვენს სამწამიანში.
 
მეორე ნახევრიდან კოკოშკოვის გუნდმა თამაშის ტაქტიკა შეცვალა, დაცვაზე გადაიტანა აქცენტი, ხოლო შეტევებში ზაზა ფაჩულია, ხანაც მისი შემცვლელი გიორგი შერმადინი აქტიურობდნენ. სისწრაფე შემატა ქართველებს გამყრელიძის გამოჩენამაც, რომლის აქტიურობამ ქართველებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა. ჩვენებმა მეორე მეოთხედი 19:9 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 6–ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 31:26.
 
თამაშის განახლება დაწყება და ქართველების აზვირთება ერთი იყო. ჩვენებმა მესამე მეოთხედის საწყისი წუთები 10:0 მოიგეს და 16 ქულით დაწინაურდნენ. აქ ჩვენებმა ალბათ ჩათვალეს, რომ თამაში მოგებული იყო და დაარხეინდნენ, პორტუგალიელებმა კი სამქულიანების მიზანში სროლას უმატეს და წამოგვეწივნენ. თუმცა ქართველებმა მაინც მოახერხეს მეოთხედის მოგება (15:13) და გადამწყვეტი პერიოდის წინ 46:38 დაწინაურდნენ.
 
ბოლო მეოთხედის დასაწყისში პორტუგალიელებმა გაიბრძოლეს. მიგელ მირანდამ და კარლოს ანდრადემ ზედიზედ სამქულიანები ჩაგვიგდეს, ხოლო მირანდამ შემდეგ ორიანიც მიითვალა და თამაშის დასრულებამდე 8,40 წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 46:46. აქ კი ქართველებმა მობილიზაცია გამოაცხადეს, თამაში დაალაგეს და ორიოდ წუთში ისე ათამაშდნენ, პორტუგალიელებს შანსი არ დაუტოვეს.
 
ზაზა ფაჩულია ფარქვეშ გოლიათივით ტრიალებდა და მას ჯარიმებით თუ აჩერებდნენ ოპონენტები. ზაზაც საჯარიმოს ხაზიდან ზრდიდა ქართველების ლიდერობას, ხოლო ვიქტორ სანიკიძე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დაფრინავდა. მან წუთნახევრის განმავლობაში სამი ისეთი ბურთი ჩატენა, ბევრ ამ საქმის ოსტატს რომ შეშურდებოდა. სანიკიძემ სამქულიანიც ჩააგდო, ბურთიც ჩაუჭრა პორტუგალიელებს და ამით მეტოქის გატეხვაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. ბოლო მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარა ტორინ გრინმა, რომელიც სანიკიძეს ეფექტური გდებებისას ასისტენტობდა (გამოზომილი და ლამაზი პასებით ამარაგებდა). გრინმა გარღვევებიც განახორციელა და სამიანიც ჩააგდო, საბოლოოდ სანიკიძესავით 12 ქულა მოაგროვა, ხოლო ბომბარდირი ფაჩულია გახდა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.
 
საქართველოს ნაკრები 12 აგვისტოს ივარჯიშებს თბილისში და მეორე დღეს ბულგარეთისკენ აიღებს გეზს. კოკოშკოვის გუნდი 14 აგვისტოს სოფიაში ეთამაშება მასპინძლებს, რის შემდეგაც ლოძში გადავა და 17 აგვისტოს მასპინძელ პოლონელებთან გამართავს მორიგ მატჩს.
 
დღეს ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ შინ ბულგარეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. საქართველო კი ბულგარეთს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს.
 
 
11 აგვისტო
ბელგია – ბულგარეთი      74:69

სატურნირო ვითარება
1.         ბელგია                      3          3/0       226/202          6
2.         საქართველო        3          2/1       221/196          5
3.         ბულგარეთი             3          2/1       210/203          5
4.         პოლონეთი               3          1/2       221/222          4
5.         პორტუგალია           4          0/4       249/304          4