საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა. ეს უბრალოდ ნათქვამი წინადადებაა, თუმცა ამ სიტყვების უკან დიდი რამ დგას. სერბეთი ის ნაკრებია, რომელიც დღეს ევროპის კონტინენტზე ამინდ ქმნის და ისეთ ნაკრებებს უწევს კონკურენციას, საფრანგეთი, რუსეთი და სხვა ევროგრანდები რომ არიან.
საქართველო სერბეთთან 20:36 აგებდა, დიდი შესვენებისთვის კი ქართველები 27:42 ჩამორჩებოდნენ. ანტიბის საერთაშორისო ტურნირზე სერბეთმა მასპინძლები კინაღამ დაამარცხა. ბოლო წუთზე უგებდა, თუმცა მატჩი ოვერტაიმში გადავიდა და იქ ფრანგებმა 78:74 იძალეს. ასეთ მძლავრ მეტოქესთან პირველი ტაიმის 15 ქულით წაგება ლოგიკურად დამარცხებას უნდა ნიშნავდეს, თუმცა ქართველებმა გმირობა ჩაიდინეს და მესამე მეოთხედში სერბებს ელეთმელეთი მოუწყვეს.
ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, ქართველებმა თავიანთი საუკეთესო თვისებები გამოავლინეს და სერბებს 15-ქულიანი ჩამორჩენა ერთ პერიოდში გაუბათილეს. მესამე მეოთხედი ქართველებმა 26:10 (!) მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 53:52 დაწინაურდნენ.
ბოლო პერიოდში კოკოშკოვის გუნდმა ტეპს კიდევ უფრო უმატა და ათქულიან უპირატესობას დაეპატრონა  66:56, შემდეგ კი 72:62 იგებდა. სერბებმა წაგების საფრთხე რეალურად იგრძნეს და ტემპს უმატეს, რის შედეგადაც ჩამორჩენა 2 ქულამდე – 70:72 შეამცირეს, თუმცა ქართველებმა კბილებით შეინარჩუნეს უპირატესობა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.
„ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას – გვითხრა ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, რომელსაც საფრანგეთში შევეხმიანეთ – საქართველოს ნაკრებმა სამაგალითოდ ითამაშა დაცვაში და გამარჯვებასაც ამის ხარჯზე მივაღწიეთ. ჩვენ გვაკლდა რიკი ჰიკმანი, რომელმაც წინა მატჩში, ბოსნიასთან, ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, გუნდური თამაშისა და ძალისხმევის ხარჯზე მოვახერხეთ სერბების დამარცხება“.
ქართველები მეტოქეს ყველა კომპონენტში თანაბრად დაუდგნენ. მოხსნებში სერბებს 35:31 ვაჯობეთ, ჩაჭრებში – 10:5, დაფარებებში – 2:1, დაკარგვა მოწინააღმდეგეზე ნაკლები გვქონდა – 12:15, პასებში თანაფარდობა გახლდათ – 13:13, ხოლო პერსონალური ფოლი გაცილებით ნაკლები აღმოგვაჩნდა – 18:25.
ერთადერთი, რაშიც ივკოვიჩის შეგირდებმა აშკარად გვაჯობეს, ზუსტად შერულებული ორქულიანები იყო. სერბებმა 42-დან 21 ორქულიანი გამოიყენეს, ქართველებმა კი – 30-დან – 11. სამაგიეროდ, შორეულ ტყორცნებში საქართველოს ნაკრები ჩინებულად გამოიყურებოდა – 29-დან 12 სამქულიანი 20-დან 6-ის წინააღმდეგ. ბარემ საჯარიმო სროლებზეც ვთქვათ – საქართველო: 25-დან – 17, სერბეთი – 15-დან – 11.
17 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე, საქართველო მასპინძელ საფრანგეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ანტიბის ტურნირის გამარჯვებული გახდება.
ანტიბის საერთაშორისო ტურნირი. 16 აგვისტო
სერბეთი 71:75 საქართველო
17:14, 25:13, 10:26, 19:22
სრული სტატისკიტა: 71:75
საქართველო: ცინცაძე (34 წ. 17 ქ. 3 მ. 5 პ. 4 ჩ.), შერმადინი (28 წ. 7 ქ. 12 მ.), მარკოიშვილი (32 წ. 11 ქ. 4 მ. 3 ჩ.), ფაცაცია (25 წ. 6 ქ. 3 პ.), სანიკიძე (28 წ. 19 ქ. 6 მ.); სანაძე (15 წ. 3 ქ. 3 მ.), ცქიტიშვილი (14 წ. 2 ქ. 3 მ.), ბურჯანაძე (8 წ. 3 ქ.), ლეჟავა (10 წ. 4 ქ.), ფხაკაძე (4 წ. 3 ქ.).
სერბეთი: ბოგდანოვიჩი (35 წ. 12 ქ. 6 მ.), ბიელიცა (24 წ. 8 ქ. 4 მ.), მარკოვიჩი (23 წ. 3 ქ. 7 მ. 4 პ.), ნენად კრსტიჩი (24 წ. 14 ქ.), კალინიჩი (16 წ. 2 ქ. 3 მ.); ნემანია კრსტიჩი (2 წ.), დანგუბიჩი (3 წ.), მიტროვიჩი (16 წ. 4 ქ. 4 მ.), ანჩუსიჩი (23 წ. 13 ქ.), შტიმაცი (16 წ. 10 ქ. 5 მ.), მიჩიჩი (18 წ. 5 ქ.).