საქართველოს ნაკრები ისრაელში 75:77 დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ისრაელში 75:77 დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში ადგილობრივ ნაკრებთან მორიგი საკონრტროლო მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 75:77 დამარცხდა. ამით ებრაელებმა ქართველებს რევანში აუღეს. შეგახსენებთ რომ 2 დღის წინ, ქალაქ ელეათში გამართული შეხვედრა საქართველომ 74:73 მოიგო. მთლიანობაშ კი, მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში ქართველები ებრაელებს 3-ჯერ შეხვდნენ. პირველად ეს 9 აგვისტოს, იტალიაში მოხდა, სადაც იგორ კოკოშკოვის გუნდმა ისრაელს 79:77 მოუგო.
საქართველოს ნაკრები დღევანდელი მატჩის მეორე მეოთხედში 19 ქულით იგებდა, დიდი შესვენებისთვის კი იგორ კოკოშკოვის გუნდის უპირატესობამ 15 შეადგინა. მესამე პერიოდში მასპინძლებმა 10 ქულით იმარჯვეს, ხოლო 6-წუთიანი მონაკვეთი 20:0 (!) მოიგეს და საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე 71:63 დაწინაურდნენ.

ქართველებმა ბოლო წუთებზე მოგების შანსი მაინც გაიცოცხლეს, როცა გიორგი ცინცაძის 2-ქულიანს ვიქტორ სანიკიძემ 3-ქულიანი მოაყოლა და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა (75:77). საფინალო სირენამდე 35 წამი რჩებოდა, ქართველებმა მასპინძლების შეტევაც მოიგერიეს, თუმცა რიკი ჰიკმანმა გადამწყვეტ შეტევაში ვერ იხეირა და მატჩის ბედიც გაირკვა.
29 აგვისტოს, დილით, საქართველოს ნაკრები ლიტვაში გაფრინდება. ბოლო საკონტროლო მატჩს კოკოშკოვის გუნდი 1 სექტემბერს კაუნასში, ლიტვის ნაკრებთან გამართავს, რის შემდეგაც, 2 სექტემბერს, ჩარტერული რეისით, სლოვენიაში გაფრინდება.
 

სრული სტატისტიკა: 77:75
ვიდეო-მიმოხილვა: http://www.sport5.co.il/HTML/articles/Article.416.150145.html