საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ავსტრიასთან მატჩამდე თავისი პირველი ღია ვარჯიში გამართა.
მასმედიის წარმომადგენლებმა შემდეგი მოთამაშეები იხილეს: ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ტაირონ ელისი, ვახტანგ ნაცვლიშვილი, ზვიად ბაბიაშვილი, ბესიკ ლეჟავა, გიორგი შერმადინი, დავით უგრეხელიძე, კოტე ტუღუში, გიორგი გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, გიორგი ცინცაძე და ვიქტორ სანიკიძე.
ქართული სპორტული ჟურნალისტიკის წარმომადგენლებისთვის ეს იყო ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრის, კენ შილდსის ასისტენტის, ჯეისონ სტაუდტის ნახვის პირველი შესაძლებლობაც.
ვარჯიში საკმაოდ დატვირთული, მრავალფეროვანი იყო, ხოლო მისი დასრულების შემდეგ გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც მასმედიის წინაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი კენ შილდსი, ნაკრების კაპიტანი ვატო ნაცვლიშვილი და მანუჩარ მარკოიშვილი წარსდგნენ.
მანუჩარ მარკოიშვილს ნაკრების გამოსვლის გარდა, დაუსვეს კითხვა ინგლისის ნაკრებთან შეხვედრაზეც, სადაც მანუმ ბრიტანელთა ლიდერს, “ჩიკაგოს” ვარსკვლავ ლუოლ დენგს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
“დენგი ძალიან ძლიერი მოთამაშეა, თუმცა მის წინააღმდეგ ბრძოლისას პირველ რიგში საბოლოო შედეგზე ვფიქრობდი და არა იმაზე, თუ რა რეზონანსი მოჰყვებოდა ლუოლის წინააღმდეგ ჩემს გამოსვლას. მიხარია, რომ ასეთი ძლიერი მოთამაშის წინააღმდეგ საკმაოდ კარგად ვიასპარეზე , თუმცა მთავარი ნაკრების მოგება იყო”, – განაცხადა მარკოიშვილმა.
ვატო ნაცვლიშვილი: “ავსტრიის წინააღმდეგ საკმაოდ რთული მატჩი გველის და ვერ ვხვდები, რატომ უსვამთ ხაზს ამ გუნდის შანსებს. ავსტრიაში ურთულესი შეხვედრა გვქონდა და მჯერა, რომ მეტოქე თბილისშიც ბოლმდე იომებს. ჩვენი ამოცანაა, ავსტრიას 65 ქულაზე მეტი არ გავაკეთებინოთ და ამ შემთხვევაში, გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება.”
კენ შილდსი: “მოსამზადებელი ციკლი საკმაოდ ნაყოფიერი იყო და მოთამაშეებსაც გაუუმჯობესდათ უამარავი სათამაშო ნიუანსი. ფიზიკურად გუნდი იმაზე გაცილებით კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ და მჯერა, რომ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება. სოფიაში ყველაზე კარგად ვითამაშეთ და თუ ბულგარეთთან ცუდად ჩატარებულ ერთ მონაკვეთს არ ჩავთვლით, ამ ტურნირზე ნაკრების გამოსვლა დადებითად უნდა შევაფასო. რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, იყო დადებითიც, უარყოფითიც, თუმცა მთავარი მაინც ოფიციალური შეხვედრებია. ვნახოთ, თუმცა მე ჩვენი გუნდის იმედი მაქვს და გულშემატკივრებს ლამაზ და შედეგიან კალათბურთს გპირდებით.”