თორნიკე შენგელია კარიერას ესპანური პრიმერადივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს „ლაბორალ კუჩაში“ გააგრძელებს. ბასკეთის ქალაქ ვიტორიის კლუბმა 22 წლის ქართველ ფორვარდს 3-წლიანი და 2,1 მიოლნ ევრონიანი კონტრაქტი გაუფორმა. შესაბამისად, შენგელია გახდა „ლაბორალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე – სწორედ მასზე ამყარებს მთავარ იმედებს ბასკონიელთა კლუბის ხელმძღვანელობა.
შეგახსენებთ, რომ შენგელია 2012 წელს ნბა-ს დრაფტზე „ბრუკლინ ნეთსმა“ აიყვანა, სადაც ქართველი ფორვარდი მიმდინარე წლის იანვრამდე თამაშობდა. ვარსკვლავებით სავსე „ბრუკლინში“ ახალგაზრდა ქართველს თამაში მცირე ხნით უწეევდა, რის გამოც იგი „ჩიკაგოს“ მარკიზ თიგში გაუცვალეს, ხოლო მარტის თვიდან შენგელია თავისუფალი აგენტი გახდა.
„ლაბორალმა“ 22 წლის ქართველის შეძენის სურვილი თავიდანვე გამოთქვა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდა და შენგელიამ ბასკურ კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. „ლაბორალმა“ ესპანეთის პირველობის რეგულარული ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და მეოთხედფინალურ სერიაში მესამეზე გასულ „ბარსელონას“ შეხვდება.
„ლაბორალ კუჩაში“ შენგელიას თანაგუნდელი იქნება ნბა-ში ნათამაშები, არგენტინელი ანდრეს ნოჩიონი. ბასკური კლუბი დიდი ტრადიციებისაა და ესპანეთის ჩემპიონი ბოლოს 2010 წელს გახდა. ესაა კლუბი „ტაუ“, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ევროლიგაში და ესპანეთის პირველობაზე დომინირებდა, ხოლო სახელი ახალი სპონსორის გამო შეიცვალა.
შენგელიას ტრანსფერზე ვიტორიული კლუბის ვებ-გვერდზე არაფერი წერია, თუმცა კონტრაქტი რომ გაფორმებულია, ეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, თორნიკეს მამამ, კახა შენგელიამ დაგვიდასტურა.