პიერ მაროს სტადიონი, გადახურული, გადატიხრულია და ერთ მხარეს ევროპის ჩემპიონატის საპლეიოფო სარბიელია, მეორე მხარეს კი ცარიელი ტრიბუნები და ათასგვარი კონსტრუქციები. სტადიონს შუაზე უზარმაზარი ფარდა ჰყოფს, საკალათბურთო მხარეს დარჩენილ ტრიბუნებზე კი მაყურებელთათვის 27 ათასი ადგილია.
ასეთი მასშტაბური საკალათბურთო ღონისძიება ევროპაში აქამდე არ გამართულა. პლეი ოფის მატჩზე, რომელშიც საფრანგეთი თურქეთს შეხვდება, 27 ათას მაყურებელს ელიან. ეს იქნება არნახული სანახაობა, თვალუწვდენელ არენაზე გამართული საკალათბურთო მატჩი.
საქართველოს ნაკრებმა პიერ მაროს არენაზე გვიან ღამით ივარჯიშა. იგორ კოკოშკოვის გუნდის ვარჯიში 22:30 საათზე დაიწყო და არენაზე, სადაც მოახლოებული მატჩებისთვის დიდი სამზადისი და ფაცა-ფუცია, ქართველებს ორგანიზატორები სჭარბობდნენ. ზოგი კამერებთან იჯდა და ხედებს იღებდა, ზოგი უზარმაზარ პლაზმურ ეკრანებს ტესტავდა, განათბაზე ელექტირკოსები მუშაობდნენ, იქით მედია-ზონას აწესრიგებდნენ.
ერთი სიტყვით, ლილში დიდი სამზადისია. ვინც პირველად შეადგა აღნიშნულ არენაზე ფეხი, ყველა გაოცებული იყო სივრცითა და გრანდიოზული კონსტრუქციებით. მოედნის თავზე ცალკე, დაკიდული ქალაქია გაშენებული. ნაირგვარი ეკრანები, კამერები, განათებები, უბრალოდ რკინის კონსტრუქციები, რომლებზეც ნაირგვარი მოწყობილობებია დამონტაჟებული.
ქართველებს სავარჯიშოდ 45 წუთი ჰქონდათ გამოყოფილი და ეს დრო რომ გავიდა, ორგანიზატორება ითხოვეს, მოედანი ჩვენებსდროულად დაეცალათ, რათა იქ მატჩის ჩასატარებლად საჭირო ატრიბუტიკის ტესტირება მოეხდინათ. იგორ კოკოშკოვმა გუნდი ძირითადად კომბინაციებზე და ფარში სროლებზე ავარჯიშა.
12 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სხვა დარბაზში ივარჯიშებს, 12:00 საათიდან კი პიერ მაროს სტადიონზე ევრობასკეტის მეოთხედფინალები აიღებს სტარტს. სულ 4 წყვილი ითამაშებს: პირველ მატჩში ერთმანეთს სლოვენია და ლატვია შეხვდებიან, საფრანგეთისა და თურქეთის დაპირისპირება კი 21:00 საათზე დაიწყება.
4 მატჩი გაიმართება 13 სექტემბერსაც. საქართველოა და ლიტვის მატჩი ბოლო მეოთხედფინალია და 21:00 საათიდან დაიწყება.