საქართველოს ქალთა ლიგის თასიც რუსთავში წავიდა

საქართველოს ქალთა ლიგის თასიც რუსთავში წავიდა

რუსთავის „ვეჯინმა“ დუბლი შეასრულა. ქალთა ლიგის ჩემპიონობიდან 2 დღეში დავით არწივიძის გუნდმა თასის გათამაშების ფინალში 16-წლამდელთა ნაკრებს სძლია და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიასგან მეორე ტიტული ჩაიბარა.
29 ივნისს, რუსთავში გამართულ ფინალურ მატჩში 16-წლამდელთა ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია „ვეჯინს“ და შეხვედრა მხოლოდ ოვერტაიმში დათმო. თასის გათამაშების დებულების თანახმად, აღნიშნული ტიტული ქალთა ლიგის ფინალში გასულ გუნდებს შორის თამაშდება. ამიტომაც თასის ფინალშიც „რუსთავი“ და 16-წლამდელთა ნაკრები შეხვდნენ.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად დამაჯერებლად იმარჯვა „ვეჯინმა“. ხათუნა საჯაიას, ანა მაისურაძის, ნათია ფუტკარაძის და დარეჯან წიქორიძის გამოცდილებამ თავისი გაიტანა. რუსთაველებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მხოლოდ ერთადერთხელ, ბოლო მეოთხედში მიუშვეს ახლოს მეტოქე. ლელა ცანავას გაწვრთნილი გოგონები მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 5 ქულით (41:46) მიუახლოვდნენ „ვეჯინს“, თუმცა დარჩენილ დროში ქვემოქართლელებმა შანსი აღარ დაუტოვეს მოზარდებს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 55:41.
დაჯილდოების ცერემონიალზე რუსთაველები სიგელებით კახა შენგელიამ დააჯილდოვა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გადასცა სპეციალური პრიზი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ ანა მაისურაძეს, რომელმაც MVP-ის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო.