საქართველოს საკალათბურთო ნაკრები და მისი მწვრთნელი სახელმწიფომ გამოარჩია
რამდენიმე დღის წინ სააგენტო GHN–მა 1257 კომპეტენტური ადამიანი გამოიკითხა და „ოქროს პერგამენტად“ წოდებული პრიზი წლის საუკეთესო გუნდის განხრით საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს გადაეცა. გუშინ კი კალათბურთელები უკვე ოფიციალურად აღიარეს: კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრომ, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა ერთობლივად მოწყობილ გალა დაჯილდოვებაზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წლის საუკეთესო გუნდად დაასახელეს. თუმცა ქართული კალათბურთის დაფასება ამით არ მორჩენილა. წლის საუკეთესო მწვრთნელად სპორტის მმართველმა სახელმწიფო სტრუქტურებმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავკაცი, სერბი სპეციალისტი, იგორ კოკოშკოვი აღიარეს. დაჯილდოვების გემოვნებიტ მოწყობილი ცერემონიალი ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ, ვინ და რა დამსახურების გამო გამოარჩიეს სპორტის სამინისტრომ და დეპარტამენტმა.
ფილარმონიის „ივენთ ჰოლში“ მთელი სპორტული საზოგადოება შეიკრიბა. სტუმართათვის მღეროდნენ „ჯეოსტარის“ ვარსკვლავები: სოფო ბედია, ანი ვეკუა, ანიკო ებრალიძე, ბორის ბედია, სალომე ბაკურაძე და გიორგი სუხიტაშვილი. უკრავდა ცოცხალი ბენდი, დაჯილდოების ცერემონიალს კი რუსთაველის თეატრის დირექტორი ზაან ჩიქობავა უძღვებოდა.
პირველი ნომინაცია „2009 წლის საუკეთესო ფედერაცია“ გახლდათ, რომელიც რაგბის კავშირს ხვდა წილად. შეგახსენებთ, რომ ამ ორგანიზაციას წლეულს 50–წლიანი იუბილე ჰქონდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტს ჯილდო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა გადასცა.
გიორგი ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი):
„დიდი მადლობა ყველას, რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელს, მორაგბეებს, მწვრთნელებს, საზღვარგარეთ მოთამაშე სპორტსმენებს. შევეცდებით, მომავალ წელს ჩვენი შედეგები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ:
ამის შემდეგ „2009 წლის საუკეთესო მწვრთნელის“ გამოსავლენად სცენაზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ავიდა. ეს საპატიო წოდება იგორ კოკოშკოვს მიენიჭა, ვისმა გაწვრთნილმა საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა 2009 წელს 10 ოფიციალური მატჩიდან 9 მოიგო და შედეგად B–დან A დივიზიონში გადავიდა. ბატონი იგორი საქართველოში არ გახლდათ, ის ნბა–ს ერთ–ერთი წამყვან გუნდ „ფინიქს სანსის“ ასისტენტი მწვრთნელია და ამიტომ ჯილდო საქართველოს ნაკრებში მისმა თანაშემწე დავით უსტიაშვილმა ჩაიბარა.
„ამ ადამიანმა დიდი შრომის ფასად მოახერხა საქართველოს ნაკრების ერთ მუშტად შეკვრა და A დივიზიონში გადაყვანა. ვულოცავ მას ამ ჯილდოს მიღებას“ – განაცხადა დავით უსტიაშვილმა.
მომდევნო აღიარებაც კალათბურთისა გახლდათ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურმა „2009 წლის საუკეთესო ეროვნულ ნაკრებად“ კალათბურთის ნაკრები დაასახელა. ჯილდოს მისაღებად სცენაზე ავიდნენ ნაკრების საქართველოში მყოფი რამდენიმე წევრი: კოტე ტუღუში, ანატოლი ბოისა, ნიკა მეტრეველი, თორნიკე შენგელია; ნაკრების მენეჯერი მერაბ რატიშვილი, ასისტენტი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი.
ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “მართლაც წარმატებული სეზონი იყო ქართული კალათბურთისთვის. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, A დივიზიონის საგზური მოვიპოვეთ და ამ წარმატებას თბილისური გამარჯვებებით, ქართველი გულშემატკივრის დახმარებით მივაღწიეთ. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომლებსაც ჩვენს წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვით”
კოტე ტუღუში (ნაკრების უკანახაზელი): „მინდა მთელი გუნდის სახელით გადაგიხადოთ მადლობა. ჩვენ, კალატბურთელები და მთელი ფედერაცია ერთ გუნდად ვიყავით შეკრულნი, სწორედ ამან გამოიწვია ჩვენი წარმატებები. ყველას გილოცავთ და ვეცდებით, კიდევ უფრო გაგახაროთ“.
შემდეგ წამყვანმა სცენაზე ტიტულოვანი ვეტერანები,ოლიმპიური ჩემპიონები – მზია ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი მიიწვია და მათ „2009 წლის გამორჩეული სპორტსმენების“ ვინაობა გააცნეს დამსწრეთ. სპეციალური საჩუქრები მსოფლიოს სუპერთასის გამარჯვებულ და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორ ტყვიის მსროლელს, ნინო სალუქვაძეს, მსოფლიოს ბრინჯაოსნებს – ძალოსან ალბერტ კუზილოვს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძესა და მოკრივე კობა ფხაკაძეს, 20 და 23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონ პაატა მერებაშვილსა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოთამაშე ფეხბურთელ, ”რუბუნის” შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატის გამარჯვებულს ლაშა სალუქვაძეს გადაეცათ.
ბოლო ნომინაციის გამარჯვებულის გვარ-სახელი სტუმრებს სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ გამოუცხადა. მანუჩარ ცხადაია ნაკრებში წელს დამკვიდრდა და სადებიუტო წელი უმალ წლის საუკეთესო სპორტსმენის სახელით დააგვირგვინა. ცხადაია მინისტრმა წლის საუკეთესო სპორტსმენისათვის განკუთვნილი მემორიალური სიგელითა და ძვირფასი მაჯის საათით დააჯილდოვა.
საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ საღამოს მონაწილეებისა და სტუმრებისთვის “ალაფურშეტი” გაიმართა, რომლის გვირგვინიც უზარმაზარი ტორტის გაჭრა იყო.
საღამოს მონაწილეებმა ეს კომენტარები გააკეთეს
ნიკოლოზ რურუა (კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი): ”2009 წელს ქართულ სპორტს მართლაც სერიოზული მიღწევები ჰქონდა. წლის სპორტსმენად ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი მანუჩარ ცხადაია დასახელდა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს საუკეთესოს ტიტულს. წინ კი არაერთი დიდი გამარჯვება გველის და მზად ვართ ვემსახუროთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქართული სპორტისათვის არაერთი აღიარება მოაქვს”
დავით ნამგალაური (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე): რა თქმა უნდა, ძალზე რთულია საუკეთესოს გამოვლენა, მაშინ, როდესაც ქართულ სპორტს კანდიდატად არაერთი პროფესიონალი ჰყავს. ამჯერადაც, ჩვენი არჩევანი მოჭიდავეზე შეჩერდა და ვფიქრობთ, დამსახურებულდაც. მაგრამ, ამავე დროს სასიხარულოა, რომ წარმატებები სპორტის სათამაშო სახეობებშიც გვაქვს და წლის ნაკრებისა და ფედერაციის, ასევე წლის მწვრთნელის ნომინაციებში კალათბურთისა და რაგბის წარმომადგნელებმა გაიმარჯვეს.”
მანუჩარ ცხადაია(2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი): “ისე ბედნიერი ვარ, სიტყვები არ მყოფნის. ემოციების დამალვა მიჭირს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ყველაზე გულდასაწყვეტი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს წუთები კი ყველაზე მეტად სასიხარულოა.
ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება უდიდესი პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, სტიმულია და გპირდებით, მომავალში თავს არ დავზოგავ, საქართველო უფრო მეტად რომ ვასახელო. დიდი მადლობა ყველას, ამ დაფასებისთვის”.
დავით ნამგალაური წლის საუკეთესო გუნდად საქართევლოს საკალათბურთო ნაკრებს ასახელებს
ნაკრებს ჯილდოს მისაღებად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი მიუძღვება
დავით ნამგალაური კალათბურთელებს აჯილდოვებს
ბესიკ ლიპარტელიანმა მადლობა გადაუხადა სპორტის ხელმძღვანელებს და მთელს საზოგადოებას
კოტე ტუღუშის სამადლობელი სიტყვა
“2009 წლის გამორჩეული სპორტსმენები” ოლიმპიურმა ჩემპიონებმა რაფაელ ჩიმიშკიანმა და მზია ჯუღელმა (მარცხნიდან მეორე) დააჯილდოვეს
2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი მანუჩარ ცხადაია სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ დააჯილდოვა