საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა მარცხით დაიწყო. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სადებიუტო მატჩში ავსტრიას შეხვდა და ბრძოლაში – 78:89 (სტატისტიკა) დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ავთანდილ ბახტაძის ბონუს-საჯარიმოთი ჩაგდებული ორქულიანის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე (78:79) შემცირდა, ხოლო საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე ლუკა ალავიძეს სამქულიანი რომ ჩაეგდო, ანგარიშს ათანაბრებდა.
არ გაგვიმართლა და ავსტრიამ საპასუხო შეტევაში სამქულიანი მეტოქის ჯარიმით ჩააგდო. ის ბონუს-ქულაც გამოიყენეს და ავსტრიელები საფინალო სირენამდე 1:50 წუთით ადრე 84:78 დაწინაურდნენ. შესაბამისად, მატჩის ბედიც აქ გაირკვა. დარჩენილ დროში ქართველები სამქულიანებით თამაშის გადარჩენაზე გადავიდნენ, მაგრამ უშედეგოდ და ავსტრიელებმა ბოლო წამებზე სხვაობა 11 ქულამდე გაზარდეს.
საქართველოს ნაკრებში 17 ქულით ბომბარდირი თენგო გოგიშვილი გახდა, საერთო სარგებლიანობით კი საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე გახლდათ, რომელმაც 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მიითვალა. ლუკა ალავიძის ანგარიშზე 10 ქულა და 3 პასი დაგროვდა. ავსტრიელებს ფინ შოტმა ულიდერა, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სომხეთის დედაქალაქში დღეს დაწყებულ ევროპის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება. საქართველო შვეიცარიას შეხვდება. პირველ ტურში შვეიცარიელებმა დანია 86:81 დაამარცხეს, ხოლო ნიდერლანდებმა ჩრდილოეთ მაკედონიას 78:58 სძლია.