საქართველოს U20 ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილ იდაიკავა და ხორვატიასთან ბრძოლა მოუწევს

საქართველოს U20 ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილ იდაიკავა და ხორვატიასთან ბრძოლა მოუწევს

რუმინეთში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია. საქართველოს ნაკრები ისვენებს, ანუ 5-გუნდიან ჯგუფში ყველა მატჩი ითამაშა და მოგებ-წაგებათა 3-1 შეფარდებით პლეი ოფში გავიდა.
ქართველებმა ერთადერთი მატჩი მასპინძელ რუმინელებთან წააგეს, რომელმაც გუშინ დაძაბულ ბრძოლაში – 68:63 მოუგო მაკედონიას. ეს უკანასკნელი კი ქართველებმა 30 ქულით გაანადგურეს. ერთი სიტყვით, პირველ ტურში რუმინეთთან დასანანი წაგება რომ არა, საქართველოს ნაკრებს ახლა გარანტირებული ექნებოდა პირველი ადგილი.

დღეს რუმინეთი ალბანეთს ხვდება და რომც წააგოს, ჯგუფში მაინც პირველი იქნება ქართველებთან პირადი მოგების ხარჯზე. რაც შეეხება ქართველების მომავალ, საპლეიოფო მეტოქეს, თითქმის გარკვეულია, რომ საქართველო მეოთხედფინალში ხორვატიას შეხვდება. ტურნირის ფავორიტმა ხორვატებმა D ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს და დღეს ჯგუფის აუტსაიდერ მოლდოვას ხვდებიან, რომელსაც იოლად სძლევენ და ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ.
საქართველოსა და ხორვაატიის მეოთხედფინალური დაპირისპირება 21 ივლისს, თბილისის დროით 17:15 საათზე გაიმართება.