საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი გასულ კვირაში საბერძნეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ქართული კალათბურთის გამგებლები ფიბა–ევროპის პრეზიდენტ გიორგიოს ვასილაკოპულოსს შეხვდნენ და მისგან საკმაოდ კარგი ამბები მოისმინეს, რის შესახებაც თავად ბესიკ ლიპარტელიანი გვესაუბრება.
– საბერძნეთში ეფიბა–ევროპის პრეზიდენტ გიორგიოს ვასილაკოპულოსთან შესახვედრად ვიყავით და მასთან რამდენიმე საკითხზე ვისაუბრეთ. ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელები ხედავენ, რომ საქართველოში კალათბურთი ვითარდება, რისი დასტურიც ჩვენი ეროვნული გუნდის წარმატებებია და ამიტომაც მათი მხრიდან ინტერესი იზრდება. ბატონმა ვასილაკოპულოსმა გვითხრა, რომ ჩვენ უკვე საკალათბურთო განვითარების გარკვეულ ეტაპზე ავედით, A დივიზიონში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და ეროვნულ ნაკრებს დიდი პოტენციალიც გააჩნია. ამიტომაც, დღის წესრიგში დადგა საქართველოს ევროპის საკალათბურთო ცხოვრება–საქმიანობაში უფრო აქტიური მონაწილეობა. ამ მხრივ ფიბა–ევროპამ საქართველოს ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძლობა შესთავაზა და სავარაუდო ვადაც დაითქვა: 2011 წელი. ეს საკითხი დამტკიცებისგან ჯერ საკმაოდ შორსაა, მაგრამ თუკი მოვლენები ჩვენთვის ხელსაყრელად განვითარდება, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საკმაოდ რეალურია.
– საამისოდ უპირველესად დარბაზებია საჭირო…
– ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის ჩასატარებლად 3 ევროპული დონის დარბაზი სრულიად საკმარისია. თბილისში ჯერჯერობით ერთია ასეთი – სპორტის სასახლე, მაგრამ ჩვენი ნაკრების წარმატებამ კალათბურთისადმი დაინტერესება გაზარდა და შესაძლებელია, ფედერაციას გადმოეცეს არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის (სკა–ს) დარბაზი. ასევე სპორტის დეპარტამენტის შენობაში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი, თუმცა ორივეგან სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი. ჩვენი საბერძნეთში ვიზიტის მიზეზი ესეც იყო, რომ ფიბა–სგან გაგვეგო, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია. ბატონი ვასილაკოპულოსი დაგვპირდა, რომ ფიბა საქართველოს აუცილებლად დაეხმარება ფარებით, ტაბლოებით და სათამაშო მოედნის საფარისთვის საჭირო მასალებით, რაც მთლიანობაში ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ფიბა–ევროპის პრეზიდენტი ოქტომბრის ბოლოს თავად ჩამოვა საქართველოში, დაათვალიერებს დარბაზებს, სადაც რემონტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ჩატარება იქნება შესაძლებელი და კონკრეტული დახმარების ოდენობაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
– დარბაზების გარემონტებაში კიდევ ვისი დახმარების იმედი გაქვთ?
– როცა ფიბა–ევროპისგან გავიგებთ, კონკრეტულად რა სახის დახმარებას გაგვიწევენ, მერე უკვე ყველაფერი მალე გაირკვევა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოც დაგვეხმარება და ჩვენ ასევე სპონსორებიც გვყავს მოსაძიებელი. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, თუმცა საუბარია, რომ ვერის ბაღის დარბაზიც ჩაერთოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ფერხულში და ეს თუ მოხერხდა, ძალიან კარგი იქნება.