ეროვნული ნაკრების ტრავმირებულთა სიას გიორგი შერმადინიც დაემატა. მართალია, ესპანური “სარაგოსას” ცენტრს ისეთი სერიოზული ტრავმა არ აქვს, როგორიც მარკოიშვილს და ფაცაციას, თუმცა შერმადინმა უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა.
2013 წლის ბოლო მატჩში სარაგოსელებმა დამაჯერებელი გამარჯვება “ვალიადოლიდთან” მოიპოვეს. არაგონულმა გუნდმა მეტოქე მეორე მეოთხედში გატეხა და საბოლოოდ დიდი უპირატესობით – 95:79 იმარჯვა.
შერმადინმა ზურგის ტკივილების გამო ვერ ითამაშა, ვიქტორ სანიკიძემ კი მოედანზე 30 წუთი გაატარა და საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ფორვარდმა უნივერსალიზმი გამოავლინა და ყველა სტატისკიკურ მაჩვენებელს გაუსინჯა გემო – 6 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება. საუკეთსო შედეგი დამიან რუდეჟმა დააფიქსირა – 25 ქულა.
ამავე ტურში მარცხი იწვნია ბექა ბურჯანაძის “კახასოლმა”, რომელმაც შინ “ვალენსიასთან” 77:95 წააგო. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 6 მოგებით და 7 წაგებით კახასოლელები მე-12 ადგილზე არიან, “სარაგოსა” კი 7 მოგებითა და 6 წაგებით მე-8 ადგილს იკავებს.
მომდევნო ტურის მატჩები 2014 წელს გაიმართბა. 3 იანვარს “კახასოლი” “ტენერიფეს” ესტუმრება, ხოლო “სარაგოსა” 4 იანვარს “რეალს” უმასპინძლებს.