დღეს სასტუმრო “რედისონში” ფედერაციის გამგეობა თბილისის კლუბებისა და საკალათბურთო სკოლების ხელმძღვანელებს უნდა შეხვედროდა. გამგეობასთან შესახვედრად საკმაოდ ბევრი მწვრთნელი (მათ შორის სუპერლიგისაც) და საკალათბურთო სამყაროს წარმომადგენელი მივიდა, თუმცა სუპერლიგის გუნდების ხელმღვანელობიდან არავინ არ ყოფილა. შესაბამისად, შეხვედრაც ისეთ რეჟიმში წარიმართა, როგორიც არსებულ სიტუაციას შეეფერებოდა. თავდაპირველად გამგეობის განცხადება გაჟღრდა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გამგეობის წევრმა – მერაბ რატიშვილმა გააცნო
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის
გამგეობის განცხადება
2013 წლის 31 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართა შეხვედრა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის.
ფიბას შტაბ-ბინაში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფიბას გენერალურმა მდივანმა პატრიკ ბაუმანმა, ფიბას განვითარების მენეჯერმა ზორან რადოვიჩმა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.
შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ,,ფიბას ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს” საკითხი. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სატელევიზიო ეთერის და კერძო საუბრების საშუალებით აცხადებს, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს კანონს და იმპერატიულ ნორმას და არა ფიბას რეკომენდაციებს ეროვნული ფედერაციების მიმართ.
ამის საპასუხოდ ფიბას ხელმძღვანელობამ გააკეთეს მინიშნება აღნიშნული სახელმძღვანელოს წანამძღვარზე, სადაც გარკვევით წერია: ,,ფიბას სახელმძღვანელოს ეროვნული ფედერაციებისთვის” მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნული ორგანიზაციისათვის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში, კონკრეტული რჩევების შეთავაზებით სხვადასხვა მიმართულებით… ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ, ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთან არსებულ გარემოზე მისადაგებით”.
დღევანდელ, 4 ნოემბრის შეხვედრაზე საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან, გარდა იმისა, რომ გვსურს მოვისმინოთ მათი რჩევები და წინადადებები ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წესთან დაკავშირებით, ასევე გვსურს მათ გავაცნოთ ფიბას ხელმძღვანელებთან შეხვედრის შედეგები, რჩევები და შეტყობინებები ფიბას სახელმძღვანელოს ინტერპრეტაციებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, მათ აირჩიეს ფედერაციის ლეგიტიმურ ორგანოსთან, გამგეობასთან, არაკონსტრუქციული ურთიერთობის გზა. მათი არმოსვლის ორ გაუგებარ მიზეზთან დაკავშირებით ვაცხადებთ:
1. ფედერაციის 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც იქნა გადადებული ფედერაციის გამგეობის მიერ, დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებს იკვლევს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ზემოხსენებულ კომიტეტს, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ მათი მოკვლევის შედეგებს.
2. რაც შეეხება 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობის (რომელიც გადადებულ იქნა ფედერაციის გამგეობის მიერ) შემდეგ დარბაზში დარჩენილი საკალათბურთო სუბიექტების პრეტენზიას, რომელიც არის აბსოლუტურად გაურკვეველი და უკანონო: სუბიექტებს შეუძლიათ თავიანთი პრეტენზიები წარუდგინონ სასამართლოს. ამაზე გამგეობა სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.
და ბოლოს: საკალათბურთო კლუბებს და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებს მოვუწოდებთ გამოიჩინოთ გონიერება და პასუხისმგებლობა, პატივი სცენ ფიბას ოფიციალურ შეტყობინებას, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს და აირჩიონ არა ბოიკოტის, არამედ კონსტრუქციულობის გზა ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ.
დამსწრეთ დაურიგდათ ფიბა-ს განცხადებაში აღნიშნული დოკუმენტი და მისი ქართული თარგმანი
პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ფიბა-ს ახალი სახელმძღვანელო ეროვნული ფედერაციებისთვის, ამ დოკუმენტის მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნული ორგანიზაციისათვის, ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში, კონკრეტული რჩევების შეთავაზებით სხვადასხვა მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი შექმნილია ფედერაცია თუ იგი უკვე 100 წელია არსებობს. ამ სახელმძღვანელოში მოცემული რჩევები ყველას გამოადგება.
ამ დოკუმენტით სარგებლობის გაადვილების მიზნით, იგი დაყოფილია ოთხ ძირითად ნაწილად:
1) სტრუქტურირება
თქვენი ორგანიზაციის წესდების შემუშავებიდან ფინანსურ მართვამდე, ეს ნაწილი გთავაზობთ ყველა სახის ზოგად ინფორმაციას სწორი გზით ჩამოყალიბებისა და საქმიანობის დაწყების, სტრატეგიული დაგეგვმის, ახალი საკალათბურთო ობიექტების შექმნის საკითხებზე.
2) შენება
პირველ ნაწილში მითითებულის მიხედვით თქვენი ორგანიზაციის შექმნის შემდეგ, ამ ნაწილში მოცემულია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი თქვენს ქვეყანაში – დაწყებული მინიკალათბურთიდან და დამთავრებული ეროვნული პროგრამებითა და მათში ასახული სამედიცინო გამოწვევებით. ეს ნაწილი სასარგებლო რჩევებს გთავაზობთ ამ საკითხებზე.
3) თამაში
თქვენ უკვე ჩაუყარეთ საფუძველი საქმიანობებს და ახლა განვითრების გზაზე ხართ. ამიტომ, მოდი ვითამაშოთ! ახლა თქვენ სათამაშო მოედანზე იმყოფებით, შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა შეჯიბრებების, სკაუტინგის, სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ და მრავალი სხვა რამ, რადგან, კალათბურთი არის თამაში, სიამოვნების მიღება ამ თამაშით.
4) პრომოცია
ის, რაც ყველას გვსურს რომ გავაკეთოთ, არის თამაში. ამის მისაღწევად საჭიროა გარკვეული ცოდნა სპორტული მარკეტინგის სწორად წარმართვაში. ეს ნაწილი გვთავაზობს რჩევებს, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები “ბურთის გორაობით”.
ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევქმნათ რაღაც არასაინტერესო, მოსაბეზრებელი სახელმძღვანელო, რომელსაც თაროზე შემოდებით მტვერი დაედება. თუ გაქვთ რაიმე შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროდ მიგაჩნიათ, ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით. ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყნოთ ყოველდღიურ მუშაობაში. ამიტომ, ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთან არსებულ გარემოზე მისადაგებით და ახალ დონეზე გადაიყვანეთ თქვენი ორგანიზაცია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხალისით გააკეთეთ ეს!
ზორან რადოვიჩი
ფიბას-ს განვითარების მენეჯერი
შეხვედრაზე გაკეთებულ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ…
31 ოქტომბერი. ჟენევა. პატრიკ ბაუმანი, ბესიკ ლიპარტელიანი და მერაბ რატიშვილი