ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ტიტული შეინარჩუნა. იმერულმა გუნდმა სპორტის
სასახლეში ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა მოუგო „აკადემიას“ და
მედლებთან ერთად ახალი, გარდამავალი თასიც ჩაიბარა.
ქუთაისელებმა ღირსეულად გაიმარჯვეს. მათ 16–წლამდელთა ნაკრების 3 წევრი
ჰყავთ და სწორეთ მათზე გადაიარა ამ გამარჯვებამ. ლევან გრძელიძე, გიორგი ცირეკიძე
და თემურ ფხაკაძე ქუთაისელთა გამწევ ძალას წარმოადგენდნენ, თუმცა სხვებიც არანაკლებ
მონდომებულები იყვნენ.
ქუთაისელებმა მოახერხეს აკადემიელთა ტანმაღალი მოთამაშეების – ლერი
კვანტალიანის და ბექა ნადირაძის შეჩერება. სწორედ ეს სიმაღლეში უპირატესობა იყო,
ფინალურ სერიამდე აკადემიელებს იოლად რომ აჯაბვინებდა ნებისმიერ მეტოქეს.
ფინალამდე თბილისელები წაუგებლად მივიდნენ და ამიტომაც მოედნის უპირატესობა
ჰქონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც იმერლებმა პირველი თბილისური შეხვედრა წააგეს,
მერე მიყოლებით ორჯერ მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ.
სტუმართა უმთავრესი საზრუნავი ისიც იყო, რომ დაცვაში აკურატულად
ეთამაშათ, რადგან მწვრთნელმა აქცენტი ძირითადად 5 მოთაშეზე გააკეთა და რომელიმე
მაინც რომ გავარდნილიყო, სავარაუდოდ, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ.
ქუთაისელებმაც კარგად გაართვეს ამ ამოცანას თავი და მიუხედავად იმისა, რომ თამაშში
მხოლოდ 6–მა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა (ერთ–ერთმა მხოლოდ 7 წუთს), 5
პერსონალურის გამო მოედანი არავის არ დაუტოვებია.
აკადემიის მწვრთნელ გია კაანჯიანს კი სათადარიგოების უფრო დიდი
არჩევანი ჰქონდა და ხშირად მიმართავდა ცვლილებებს, თუმც ქუთაისელები მწყობრად
იდგნენ დაცვაში და შეტევაშიც ჩაუქობდნენ.
პირველ მეოთხედში „აკადემია“ 9:6 დაწინაურდა, თუმც აქ მოხდა გარდატეხა
– მომდევნო დროის მონაკვეთი ქუთაისელებმა 14:0 მოიგეს, 20:9 დაწინაურდნენ და ამ
უპირატესობას ბოლო წუთამდე მეტ–ნაკლებად ინარჩუნებდნენ. ბოლო მეოთხედში „აკადემიას“
შანსი მიეცა, როცა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში
საკუთარი სიტყვა ქუთაისელთა ლიდერებმა – ფხაკაძემ, გრძელიძემ და ცირეკიძემ თქვეს
და იმერული გუნდი ამ ასაკში ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი.
სტატისტიკა: http://u-16.ge/playoff/09-10/result/194
ფოტოგალერეა: http://u-16.ge/gallery.php?cat=3&alb=530&img=642