სეზონის პირველი ოვერტაიმი რუსთავში

სეზონის პირველი ოვერტაიმი რუსთავში

რუსთაველებს შინ დამატებითი დრო დასჭირდათ,„ბათუმი“ რომ დაემარცხებინათ. ზღვისპირელები რუსთავში დავით
უსტიაშვილის წინამძღოლობით ჩავიდნენ, რომელიც 3 სეზონი თავკაცობდა “ენერჯის” და  სამჯერვე გააჩემპიონა.

ამ მატჩის მთავარი შტრიხიც ეს გახლდათ – დავით უსტიაშვილი რუსთავის „ქიმიკოსთა“
დარბაზში სტუმრის სტატუსით. რუსთაველები„ბათუმის“ წინააღმდეგ საბრძოლველად მიხეილ
ბერუაშვილმა გაიყვანა, რომელიც წლების მანძილზე უსტიაშვილის ასისტენტი იყო როგორც „ენერჯი–ინვესტში“,
ასევე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

თამაში ძალიან დაძაბული, ხისტი და ემოციებით დამუხტული გამოვიდა.
თავიდან ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ,
ხან მერე, თუმცა დებიუტი აშკარად ბათუმელების იყო, რომლებიც ერთ–ერთი საუკეთესო
კალათბურთელის, დაცვის ბურჯ პლასიდე როდუმტას გარეშე თამაშობდნენ.

ბათუმელთა ლიდერობა ბესიკ ლეჟავამ ითავა, რომელმაც პირველ მეოთხედში 8
ქულა ჩააგდო და თავისიანებს ათწუთეული18:15 მოაგებინა, ხოლო მალევე ზღვისპირელები
28:17 დაწინაურდნენ.  წინა ხაზში
ბათუმელებს ორმაგი კოშკივით ჰყავდათ, დავით იმნაძე და მამუკა ბოლქვაძე, რომლებიც
პირველ ტაიმში სჯაბნიდნენ რუსთაველ ოპონენტებს და ეს შედეგზეც აისახა: სტუმრები
დიდი შესვენებისთვის 34:32 იგებდნენ.

ამის შემდეგ გაჩაღდა თანაბარი თამაში და ასე გაგრძელდა თამაშის
ბოლომდე. რუსთაველებმა რომ თამაში გამოასწორეს, დაცვის დამსახურებაა, რომლის ბურჯი
კამერუნელი ჟოლივეტ ტუჯანი გახლდათ, ვის ანგარიშზეც საბოლოოდ 17 მოხსნა და 12 ქულა
დაგროვდა.

ბოლო მეოთხედის შუაწელში რუსთაველებმა 5–ქულიანი უპირატესობის
მოპოვება შესძლეს: მიხეილ ჭოჭუას სამქულიანის შემდეგ ანგარიში 53:48 გახდა.
ბათუმელებმა დარჩენილ დროში მაინც მოახერხეს წამოწევა, რაც ბესიკ ლეჟავას საზრიანი
თამაშის შედეგი იყო. ის კი არა, ბათუმელებს მოგებაც შეეძლოთ. როცა ლეჟავამ
გამთანაბრებელი ორქულიანი ჩააგდო (57:57), ძირითადი დროის ბოლო წუთი დაიწყო.
რუსთაველებმა ბოლო შეტევაში ორჯერ შეუტიეს სამქულიანით, მაგრამ ჯერ კოტე ტუღუშმა,
ხოლო მერე ლევან ცეკვავას აუცდა და ბათუმელებს შეტევისთვის 13 წამი დარჩათ. აქ კი
ვერ იჩუბინა ბათუმელთა ბომბარდირმა ლეჟავამ, შორეული ორქულიანი გააცუდა და
დამატებითი დრო დაინიშნა.

ოვერტაიმში ყველაფერი 2 წუთში გაირკვა. ტუჯანმა, ტუღუშმა და ცეკვავამ
მიჯრით ჩააგდეს ბურთები, „ენერჯიმ“ 8:0 გაქცევა მოაწყო და ისედაც გადაღლილი
ბათუმელებიც დანებდნენ.

მეორე ტურის დანარჩენი 4 მატჩი კვირას, 15 ნოემბერს თბილისის სპორტის
სასახლეში გაიმართება