შაბათის ლეგიონერებს ცქიტიშვილმა ულიდერა

 
ესპანური პრიმერადივიზიონი      
 
 
შაბათი დღე ლეგიონერებისთვის საკმაოდ ბარაქიანი იყო. განსაკუთრებით კი ნიკოლოზ ცქიტიშვილმა იყოჩაღა, რომელმაც ესპანური „ფუენლაბრადას“ შემადგენლობაში მეორე მატჩი ჩაატარა და 19 ქულა მიითვალა. ეს განსაკუთრებულად სასიამოვნოა იმის გათვალისწინებით, რომ ცქიტიშვილს „ფუენლაბრადაში“ პირველი საამსეზონო მატჩი ჩაუვარდა. ამჯერად ქართველმა ფორვარდმა კარგად გამოაჩინა თავისი სნაიპერული თვისებები და 19 ქულას უწია, თუმცა ამით მან თავის გუნდს ვერ უშველა – „ფუენლაბრადა“ შინ „მანრესასთან“ 81:84 დამარცხდა.
პირველი ნახევრის შემდეგ მასპინძლები 33:31-ს იგებდნენ და აქედან “სკიტას” მონაგარი 14 ქულა იყო. შეხვედრა მეორე ნახევარშიც ქულა-ქულაში გაგრძელდა და საბოლოოდ “მანრესას” გამარჯვებით, 84:81 დასრულდა.
19 ქულით ნიკა მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო. აღსანიშნავია, რომ “სკიტამ” ორივე ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 8 სამიანიდან 4 მიზანში მოარტყა და 4 საჯარიმოდან მხოლოდ ერთი გააცუდა. ამის გარდა, “ფუენლაბრადას” ქართველმა ლეგიონერმა 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარებაც მიითვალა.
ცქიტიშვილის გუნდს 5 გამარჯვების წილ 8 მარცხი აქვს და ამ შედეგით “ფუენლაბრადა” “გრანადასთან” მეთორმეტე-მეცამეტე ადგილებს იყოფს.
ესპანეთის ჩემპიონატში გაცილებით უკეთ აქვთ საქმე თორნიკე შენგელიას “ვალენსიას” (9 მოგება, 3 წაგება) და ტაირონ ელისის “კახასოლს” (7, 5), რომლებიც მე-13 ტურის შეხვედრაში დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
                                                       
                                   ადრიატიკის ლიგა
 
ხორვატული “ზადარის” ფორვარდმა, ვლადიმერ ბოისამ, ფიბა–ს ევროთასზე ჩატარებული 2 შესანიშნავი მატჩის შემდეგ, წარმატებული თამაში ადრიატიკის ლიგაზე, ხორვატულ დერბიშიც გააგრძელა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა “ზაგრებთან” გასვლითი შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 13 ქულის (7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნისა და 4 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
“ზაგრების” საუკეთესო კალათბურთელმა, დამირ მულაომეროვიჩმა შეხვედრა 27 ქულითა და 8 პასით დაასრულა, თუმცა, გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
თვითონ შეხვედრაც ისეთი გამოდგა, დერბის რომ ეკადრება. საოცრად დაძაბული დაპირისპირების ბედი ბოლო წამებზე გაირკვა, რომელიც მოწინააღმდეგეზე ოდნავ უკეთ “ზადარის” კალათბურთელებმა ჩაატარეს და მატჩი 97:95 მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ფინალური ოთხეულისთვის ბრძოლაში ერთმანეთის უშუალო მეტოქეები არიან. განვლილი შეხვედრის შემდეგ, მოგება-წაგებათა ბალანსი “ზადარს” უკეთესი გაუხდა – ბოისას გუნდს 8 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ზაგრებელთა პასივში კი, ერთი მარცხით მეტია (მათ ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული). “ზადარი” მომდევნო შეხვედრას ხუთშაბათს გამართავს და კიდევ ერთ უშუალო კონკურენტს, ბოისას ყოფილ გუნდ “ოლიმპიას” ეწვევა.
 
საბერძნეთის ჩემპიონატი           
 
მცირე შესვენების შემდეგ ისევ ათამაშდა გიორგი შერმადინი. „პანათინაიკოსს“ ევროლიგასა და შიდაჩემპიონატში რთული მატჩები ჰქონდა და ამიტომაც ქართველ ცენტრს თითქმის არ უწევდა მოედანზე გასვლა. ახლა კი „მწვანეების“ მეტოქე აუტსაიდერი “ილისიაკოსი” იყო, “პაოს” თავკაცმა, დუშან ობრადოვიჩმა საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრს სოლიდური სათამაშო დრო გამოუყო და ჩვენებურმაც ეს შანსი მშვენივრად გამოიყენა.
მთლიანობაში შერმადინმა მოედანზე 20,21 წუთი დაჰყო, რომლის განმავლობაში 11 ქულის, 3 მოხსნის, 2 დაფარებისა და თითო ჩაჭრა-პასის მოხვეჭა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ცენტრს თამაშიდან შესრულებული 5 ტყორცნიდან მხოლოდ ერთი გაუცუდდა, ამასთან, სამივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა.
რაც შეეხება თვითონ შეხვედრას, “პანათინაიკოსი” თავიდანვე იოლად დაწინაურდა და საბოლოოდ 32 ქულის სხვაობით – 94:62 იმარჯვა. შერმადინის გუნდისთვის ეს მე-8 მატჩში მოპოვებული მე-7 მოგებაა და გათამაშების ცხრილში ათენელები მხოლოდ დაუმარცხებელ “ოლიმპიაკოსს” ჩამორჩებიან.
 
გერმანული ბუნდესლიგა     
 
გერმანულ ბუნდესლიგაში მე-8 გამარჯვება მოიპოვა ლაშა გამყრელიძის “მიტელდოიჩერმა”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ოლდენბურგი” 74:65 დაამარცხა. თუმცა, ქართველ გამთამაშებელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. 14 ტურის შემდეგ, “მიტელდოიჩერს” 22 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა.