დღეს, დიღმის არენაზე გამართული მეორე მატჩი ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ბოლო წამებზე, შამარ რაითის ზუსტი ორქულიანით დაამარცხა ვსა, რითაც სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
მატჩის ბედი საფინალო სირენამდე 2.5 წამით ადრე გადაწყდა. დასრულებამდე 7.5 წამით ადრე კავკასია 84:85 აგებდა და ბურთი გვერდითა ხაზიდან შემოჰქონდა. ბურთი კუთხეში, პერიმეტრთან შამარ რაითმა მიიღო, რომელიც საჯარიმოსკენ დაიძრა, სამწამიან ზონას მიუახლოვდა და ზუსტი ორქულიანით დამაწინაურებელი ორქულიანი ჩააგდო – 86:85 (სტატისტიკა). ვსა-ს წუთშესვენება აღარ ჰქონდა, ბურთი საკუთარი ფარის ქვეშიდან გამოიტანა და ცხადია, 2.5 წამში თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
კავკასიამ მოიგო ურთულესი, ფაქტობრივად წაგებული მატჩი. თამაშის დასრულებამდე 1 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როცა ვსა 83:79 იგებდა, თუმცა შამარ რაითისა და მთლიანად კავკასიის მოთამაშეთა მოწადინებით საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს. აღსანიშნავია, რომ რაითმა ჩააგდო ბოლო წუთზე მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთი, რომელსაც ბონუს-საჯარიმოც დაურთო და დასრულებამდე 13 წამით ადრე კავკასია 84:83 დააწინაურა. ამის შემდეგ ვსა-მ კვლავ მოახერხა დაწინაურება – ქსავიერ ჰილ-მეისის საჯარიმოებით, თუმცა წერტილი შამარ რაითმა დასვა გამარჯვების მომტანი ორქულიანით.
მატჩის გმირ რაითს ყველაზე კარგი სტატისტიკა ჰქონდა – 19 ქულა, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. რობ პერიმ 22 ქულა მიითვალა. ჯორდან სმიტი ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. ვსა-ში ყველაზე შედეგიანი ჰილ-მეისი გახლდათ 26 ქულითა და 8 მოხსნით. 20 ქულა და 5 პასი ჯერმეინ ჰედმა მიითვალა.
ამ გამარჯვებით კავკასია შეუერთდა 3 მოგებისა და 5 მარცხის მქონე კიდევ 3 გუნდს – რაშს, ბათუმს და გორის ივერიონს. სუპერლიგის მე-9 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 15 დეკემბერს – ქუთაისსა და ტყიბულში გაიმართება.