შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამოარჩიეს

შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამოარჩიეს

შედეგიანად ჩატარებული ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ თორნიკე შენგელიას გარჯა დაუფასდა. “ლაბორალ კუჩას” ქართველი ლეგიონერი პირველი ტურის საუეთესოთა შორის დაასახელეს. Eurobasket.com-მა სიმბოლური ათეული შეადგინა, სადაც თოკოს მე-7 ადგილი არგუნა.
შეგახსენებთ, რომ “ლიგა ენდესას” (ესპანეთის უმაღლესი ლიგა) საწყის ტურში ბასკურმა კლუბმა სტუმრად “მონბუსს” 92:76 სძლია, ქართველი ფორვარდის მაჩვენებლები კი შემდეგი იყო: 19:56 წუთი, 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა.თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

თორნიკეს კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ამერიკელ შეინ ლარკინს ჩამორჩა, რომლის მონაგარიც 19 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.გასაკვირი არ ყოფილა, რომ სიმბოლურ ათეულში ლარკინიც მოხვდა და მას მე-6 პოზიცია ერგო, პირველი სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 1. ლუკა ზორიჩი (“სევილია”) – 22 ქულა, 11 მოხსნა. 2. ანტე ტომიჩი (“ბარსელონა”) – 13 ქულა, 11 მოხსნა. 3. ბოსტიან ნახბარი (“სევილია”) – 30 ქულა.
ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში არ უთამაშია “მორაბანკ ანდორას”, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე იცავენ. ესპანეთის ჩემპიონატში 17 გუნდი ასპარეზობს, ანდორელებს კი საწყის ტურში დასვენება ერგოთ. მე-2 ტურში, რომელიც 6-7 ოქტომბერს შედგება, “ლაბორალ კუჩა” “მურსიას” უმასპინძლებს, “ანდორა” კი “გრან კანარიას” დაუხვდება.