თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. 4 მატჩის გამოტოვების შემდეგ, ქართველმა ფორვარდმა ესპანური „ბასკონიას“ რიგებში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანიც გახლდათ, თუმცა მისი გუნდი მოსკოვში ევროპის სუპერგრანდ ცსკა-ს შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა – 84:112.
შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 18:22 წუთით გამოჩნდა. თორნიკემ ოთხივე ორქულიანი ჩaაგდო, რასაც 3-დან 2 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 10 ქულა – 2 პასით დაასრულა. ქართველი ფორვარდი 3-ჯერ დაჯარიმდა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი ფრანგი როდრიგ ბობუა გახლდათ 19 ქულით, ამერიკელმა შეინ ლარკინმა კი 18 ქულა მიითვალა. საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი პირველ მეოთხედში 12 ქულითაც კი დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ სამივე მეოთხედი “ჩაუვარდა” და 28 ქულით განადგურდა.
ვიტორიელთა განადგურებაში ლომის წილი დაიდო სერბმა გამთამაშებელმა, მილოშ თეოდოსიჩმა, რომელმაც არასრულ 30 წუთში 34 ქულა, 10 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შედეგად, მოსკოველებმა მე-9 ტურში მერვედ იმარჯვეს და ერთპიროვნულ ლიდერებად რჩებიან, “ბასკონია” კი 5 მოგებითა და 4 მარცხით მეშვიდეა. შენგელიას კლუბს ევროლიგაში მომდევნო მატჩი 2 დეკემბერს სტამბოლში, “გალათასარაისთან” ელის.