რამდენიმედღიანი განშორების შემდეგ, თორნიკე შენგელია ნბა-ს დაუბრუნდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა განვითარების ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა, სადაც “ბრუკლინ ნეთსის” სატელიტ გუნდ “სპრინგფილდ არმორში” საშუალოდ 17 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს ითვლიდა 29.5 წუთში.
“ნეთსში” დაბრუნებულმა შენგელიამ საშობაო მატჩში ითამაშა “ჩიკაგოს” წინააღმდეგ, თუმცა მას და მის D-ლიგის მეგზურ ტაიშონ ტეილორს მხოლოდ 2.52 წუთი დაუთმეს. ორივე მათგანს 1 მოხსნა და 1 დაკარგვა ჰქონდა, ჩიკაგოელთა ფარისთვის კი არ შეუტევიათ. ბრუკლინელებმა კი ისევ წააგეს, თან უიმედოდ და საკუთრი ქომაგების თვალწინ. ლიგის არაფრით გამორჩეულმა “ბულსმა” ბრუკლინში თამაში ისე მოიგო,საკუთრი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია – 95:78.
“ბრუკლინს” 9 მოგება და 19 წაგება აქვს, 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს, ზაზა ფაჩულიას “მილუოკის” წინააღმდეგ ითამაშებს. ფაჩულია ტრავმირებულია და ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
თორნიკე შენგელიას შეჩერებას ამარე სტუდემაიერი ცდილობს