თორნიკე შენგელია იმ ქალაქში ჩავიდა, სადაც 2014-2020 წლებში ცხოვროვდა და თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდა. ვიტორიის “ბასკონიაში” შენგელიამ 6 წელი გაატარა და ამ გუნდის ერთპიროვნული ლიდერი იყო. ახლა ის მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს და ამ გუნდთან ერთად ევროლიგის მორიგი ტურის მატჩის სათამაშოდ ვიტორიაში ჩავიდა.
არმიელებს 15-მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებდა ზურგს, რომელიც “ბასკონიამ” შეაწყვეტინა. დაძაბულ ბოლო წუთებზე მასპინძლებმა მოახერხეს ლიდერობის შენარჩუნება და 95:93 იმარჯვეს.
თორნიკე შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 27:57 წუთი ითამაშა. მან 13 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მის ანგარიშზეა ერთი ჩაჭრაც. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეტოქის ფარზე ბურთი 6-ჯერ მოხსნა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 11 იყო.
წაგების მიუხედავად, ცსკა პირველ ადგილზე დარჩა 18-დან 14 გამარჯვებით. 13 იანვარს ცსკა მოსკოვში ჟალგირისს ეთამაშება.