თორნიკე შენგელიამ ორლანდოს საზაფხულო ლიგა მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა თანაგუნდელ მარშონ ბრუკსთან ერთად „ბრუკლინ ნეთსის“ პირველ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბრუკსი გუნდის უპირობო ლიდერი იყო და შეხვედრა 34 ქულით დაასრულა, რაც ორლანდოს ლიგის რეკორდია, ხოლო შენგელია 16 ქულით ბრუკლინელთა შემადგენლობაში მეორე ბომბარდირი გახდა.
მხოლოდ ქულა არაა საქმე და ეს ამერიკელებმაც კარგად იციან. გარდა 16 ქულისა, შენგელიას 3 დაფარება და 4 (!) ჩაჭრა ჰქონდა და ამ ყველაფრის მოგროვება მან 20 წუთში მოასწრო. შენგელია სათადარიგო იყო და თამაშში ძალიან შედეგიანად ჩაერთო. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საფაფხულო ლიგაზე მისი საუკეთესო მატჩი. თორნიკემ თამაშიდან განხორციელებული 10 სროლიდან 6 ჩააგდო, რასაც 5-დან 4 ზუსტი საჯარიმოც მოაყოლა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
საზაფხულო ლიგის ოფიციალურ ვებ გვერდზე ამ მატჩს მცირე განხილვა დაეთმო და იქ ბრუკსის გენიალური თამაშის შემდეგ გამორჩეულად იყო აღნიშნული შენგელიას კარგი გარჯის შესახებ. დაიწერა, რომ შენგელიამ გააგრძელა წინა მატჩებში დაწყებული მძლავრი თამაში და ამჯერად 16 ქულა მოაგროვა. მატჩის შემდეგ მარშონ ბრუკსს ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც მას ცალკე კითხვა შენგელიას შესახებ დაუსვეს: „მე მომწონს თოკოსთან თამაში, ის მოედანზე გუნდურად აროვნებს. ის ძალიან კარგი კალათბურთელია და მჯერა, რომ ნბა-ში თავს დაიმკვიდრებს. მას საამისოდ ყველა შსესაზლებლობა გააჩნია”- აღნიშნა ბრუკსმა.
ბრუკლინელებმა თავიანთი პირველი მატჩი „ინდიანასთან“ დამაჯერებლად – 90:77 მოიგეს, რითაც დაასრულეს ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე გამოსვლა. ქართველი კალათბურთელის მონაგარი კი მატჩების მიხედვით ასეთია:
ორლანდოსთან 2 ქულა, ბოსტონთან – 8, ფილადელფიასთან – 17, ოკლაჰომასთან – 8 და ინდიანასთან – 16.
სრული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
5 მატჩი, 21.2 წუთი, 10.2 ქულა, 3.6 მოხსნა, 0.8 პასი, 1 ჩაჭრა, თამაშიდან გდების 52.9%.
ამ მაჩვენებლებით შენგელია მთელს კემპზე, 114 მონაწილეს შორის, 25-ე იყო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შენგელიას მის წინ მყოფ ყველა კალათბურთელზე უკეთესი თამაშიდან სროლების პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა (52.9). ბრუკლინურ გუნდში ქართველ კალათბურთელზე უკეთესი სტატისტიკა მხოლოდ მარშონ ბრუკსს და ალ ტორნტონს ჰქონდათ, რომლებსაც „ნეთსთან“ კონტრაქტი ისედაც აკავშირებთ და საზაფხულო ლიგაში ოსტატობის ასამაღლებლად და ახალბედების ასათამაშებლად იმყოფებოდნენ.
მაშ ასე, ეხლა იწყება მთავარი: „ბრუკლინ ნეთსის“ ხელმძღვანელობა ჯეროვნად გაანალიზებს ორლანდოში თავისი გუნდის უკონტრაქტო წევრთა შესაძლებლობებს და გადაწყვეტს, ვინ აიყვანოს გუნდში და ვინ – არა.
ვიდეო: ინტერვიუ ბრუკსთან+შენგელიას თამაშის კოლაჟი