შენგელიას 13 ქულა “ბასკონიას” სტამბოლში “დარუშაფაკასთან” არ ეყო

შენგელიას 13 ქულა “ბასკონიას” სტამბოლში “დარუშაფაკასთან” არ ეყო

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი სტამბოლში, დევიდ ბლატის გაწვრთნილ „დარუშაფაკასთან“ გამართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 98:89 დასრულდა.
ვიტორილი გუნდის ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:03 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 8-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. სამწუხაროა, რომ შენგელიას ზედიზედ ჩაგდებული საჯარიმოების სერიაც შეწყდა. სტამბულში ჩასვლამდე ქართველ ფორვარდს მიჯრით 23 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული,  რომელიც “დარუშაფაკასთან” მატჩში 26-მდე გაზარდა, თუმცა 27-ე საჯარიმო არაზუსტი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა 98 ქულიდან 96 (!) ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, რაც კალათბურთში ძალიან იშვიათია. მატჩის გმირი ლატვიელი კალათბურთელი დაირის ბერტანსი გახდა, რომელსაც “ბასკონიასთან” მატჩამდე, ევროლიგაში საშუალოდ 5 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ამჯერად კი, 29 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო) მიითვალა.
თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩა კვლავ სტუმრად ჩაატარებს. ვიტორიელები პირეოსში “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდებიან.