შენგელიას 13 ქულა და დასანანი მარცხი სანკტ-პეტერბურგში

შენგელიას 13 ქულა და დასანანი მარცხი სანკტ-პეტერბურგში

ევროლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “ზენიტს” დაუპირისპირდა. მატჩი სანკტ პეტერბურგში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 72:66.

ბასკები ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ მოგების შანსს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში “ზენიტმა” უკეთესად ითამაშა და “ბასკონიამ” ამ სეზონში მე-12 მარცხი განიცადა. მას 7 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.

თორნიკემ თითქმის შეუცვლელად ითამაშა: 37 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. მან 8-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ასევე 13 ქულა ჰქონდა თბილისის “ვითაში” ნათამაშებ ბასკონიელ პიერია ჰენრის. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა მეტ ჯენინგმა კი სტუმრებს 9 ქულა შეაწია.

პეტერბურგელთა და საერთოდ, მატჩის ბომბარდირი ვილ ტომასი გახდა – 19 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, რომ ტომასსაც თბილისში აქვს ნათამაშები – “არმიას” ღირსებას იცავდა.

“ბასკონია” ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 17 იანვარს მოსკოვში, ცსკა-ს წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ესპანელებს რუსები დამარცხებულები ჰყავთ.