თორნიკე შენგელია ფინალშია და ესპანეთის ჩემპიონობისთვის “ბარსელონას” შეასკდება. ქართველმა ფორვარდმა ნახევარფინალურ მატჩში ბასკონიას ულიდერა და საკმაოდ მძლავრი “ვალენსია” დაძაბულ ბრძოლაში – 75:73 დაამარცხებინა.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26:52 წუთში 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ამ მხრივ, ის მხოლოდ სლოვენიელ ზორან დრაგიჩს (25) ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა.
ფინალში ბასკონიელების მეტოქე კატალონიური “ბარსელონა” იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში თად მაკფადენის “ბურგოსი”98:84 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა მოთამაშემ 27 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
ფინალური მატჩი ბასკონიასა და ბარსელონას შორის 30 მაისს გაიმართება.