შენგელიას 19 ქულა და ბასკონიელთა იოლი გამარჯვება კაუნასში

შენგელიას 19 ქულა და ბასკონიელთა იოლი გამარჯვება კაუნასში

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში მორიგი გამორჩული მატჩი ჩაატარა და თავის „ბასკონიას“ მორიგი, პრინციპული დაპირისპირების მოგებაში დიდად დაეხმარა. ვიტორიელები ერთ-ერთ ფავორიტ „ჟალგირისს“ კაუნასში ეწვივნენ და ისე მოუგეს, შანსი არ დაუტოვეს – 97:77. აღსანიშნავია, რომ ბასკონიელებმა წინა ტურში მადრიდის რეალი“ გაანადგურეს, არადა, ევროლიგის მიმდინარე სეზონი 4 მარცხით დაუწყეს და ამის ფონზე მართლაც დიდ პროგრესს განიცდიან.

სასიხარულოა, რომ ამ წინსვლის ერთ-ერთი წინამძღოლი ქართველი კალათბურთელია. შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მყოფთაგან ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 27:23 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანის (15 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება) მსგავსად, საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

3 მოგებითა და 5 მარცხით 16-გუნდიან ევროლიგაში „ბასკონია“ მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი, 23 ნოემბერს, ბელგრადში, “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.