ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” მოსკოვში ცსკა-ს დაუპირისპირდა და მარცხის (78:82) მიუხედავად პლეი ოფში გასვლა მაინც მოახერხა. ესპანური კლუბი უმეტესწილად ლიდერობდა, ბოლო პერიოდის წინ კი სულაც 11 ქულით იგებდა, თუმცა არმიელთა ზეწოლას ვერ გაუძლო და საბოლოოდ 3 ქულით დამარცხდა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა მძიმე ტრავმის შემდეგ ევროლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა და 17:55 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თოკომ 3-დან 2 ორქულიანი და 8-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. სტუმართა მხრიდან 10 და მეტი ქულა ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო. ესენი ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი (17), ფრანგი ვინსენ პუარე (12), დანიის მოქალაქეობის მქონე შევონ შილდსი (12) და გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (10) იყვნენ.
“ბასკონიამ” რეგულარული სეზონი 15-15 მოგება-წაგებით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა. შესაბამისად, ესპანური გუნდი მეოთხედფინალში ისევ ცსკა-ს გაეჯიბრება, რომელიც მე-2 პოზიციაზე გავიდა. დანარჩენი წყვილები ასე დაკომპლექტდა: “ფენერბაჰჩე”-“ჟალგირისი”, “რეალი”-“პანათინაიკოსი”, “ანადოლუ ეფესი”-“ბარსელონა”. სერიები სამ მოგებამდე გაგრძელდება, თამაშები კი 16 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში გახლავთ დაგეგმილი.