შენგელიას ბასკონიამ უნიკახა ოვერტაიმში დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა

შენგელიას ბასკონიამ უნიკახა ოვერტაიმში დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ფაზა დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოსწინა ტურში დრამატული მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”, რომელმაც უშუალო მეტოქე – “უნიკახა” ოვერტაიმში დაამარცხა და ნახევარფინალს მიუახლოვდა.

საოცარი სანახავი იყო დამატებითი დროის ბოლო წამები: დასკვნით 60 წამში გუნდებმა სამქულიანები გაცვალეს. “ბასკონიას” გამთანაბრებელი სამიანის შემდეგ ტაბლოზე 86:86 დაფიქსირდა. შეტევა მალაგელებს დარჩათ, რომლებმაც ჯერ სამქულიანი ვერ ჩააგდეს, ფარიდან ასხლეტის შემდეგ კვლავ ბურთს დაეუფლნენ, მაგრამ მეორედაც არაზუსტად…

ბოლო 6 წამში ბურთი შენგელიამ მიიღო, მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და ოქროს პასი გადასცა პოლონარას. მართალია, მან ბურთის ჩაგდება ვერ მოახერხა, მაგრამ მოწინააღმდეგეებს ჯარიმა დასტყუა და სირენამდე 1 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დადგა. ორიდან ერთი ჩააგდო და – 87:86 “ბასკონიას” სასარგებლოდ.

თორნიკე შენგელიამ 27 წუთში 9 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა. “ბასკონიას” ბომბარდირი 14 ქულით “ვითას” ყოფილი კალათბურთელი პიერია ჰენრი გახდა.

შეგახსენებთ, რომ 12 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და თითო წრეს – ანუ 5 ტურს თამაშობს. ჯგუფებში 2-2 საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა. დღეს, გვიან ღამით დასრულდება გიორგი შერმადინის “ტენერიფესა” და “ხუვენტუდის” შეხვედრა, რომელსაც თუკი ტენერიფელები მოიგებენ, “ბასკონია” ნახევარფინალში ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გავა.