თორნიკე შენგელიას გარეშე „ბასკონიას“ უჭირს. ვიტორიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში რიგით „სარაგოსთასთან“ ბეწყვის ხიდზე გაიარეს. ბასკური კლუბი ბოლო პერიოდში 9 ქულით აგებდა, საფინალო სირენმდე 20 წამით ადრე კი 4 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლო და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია – 101:92.
ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. შენგელიამ 2 კვირის წინ კოჭი ამოუბრუნა და მას მერე მკურნალობის ეტაპს გადის. ბასკონიელები ფრანგმა როდრიგ ბობუამ გადაარჩინა, რომელმაც ბოლო პერიოდის შუაწელში 2 წუთის ინტერვალში ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. მეორედ მასპინძლები შეინ ლარკინმა იხსნა, როცა ბოლო 20 წამში 4 ქულა, აქედან 2 საჯარიმო ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წამით ადრე მიითვალა.
ოვერტაიმში ყველაფერი ცხადი გახდა. ბეწვზე გავლილმა ბასკონიელებმა სარაგოსელებს საქმე მალევე და იოლად მოუთავეს. 22 ქულით ბობუა გამოირჩა, 17 ჰქონდა ანდრეა ბარნანის, ხოლო 16 – ადამ ჰანგას. 6 მოგებითა და 3 მარცხით „ბასკონია“ ბურჯანაძე-შერმადინის „ანდორას“ ზურგსუკან მე-5 ადგილზეა.
ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩს, რომელშიც სავარაუდოდ შენგელიაც ითამაშებს, ბასკონიელები 27 ნოემბერს, შინ „ტენერიფესთან“ გამართავენ.