ევროლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ მთელი ყურადღება ესპანეთის ჩემპიონატზე გადაიტანა. ვიტორიულმა კლუბმა მორიგი ტურის მატჩში „ხუვენტუდს“ უმასპინძლა და 81:45 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბასკონიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. შენგელიამ მოედანზე 16:46 წუთი გაატარა და 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. ქართველმა ლეგიონერმა საბოლოოდ 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, ხოლო მასზე წესები 3-ჯერ დაირღვა.
შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა, რაც ბასკონიელთგან მეორე შედეგი იყო. საუკეთესო ადამ ჰანგა გახლდათ, რომელმაც 19 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა.
20 მოგებითა და 8 მარცხით „ბასკონია“ მე-3 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 7 მაისს, „ბასკონია“ „უნიკახას“ უმასპინძლებს.