ევროლიგის წლევანდელ გათამაშებაში ალბათ ყველაზე პრინციპული შეხვედრა ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“. მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში იტალიურმა გუნდმა ესპანურ „ბარსელონას“ უმასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამდა, თუმცა დრამატული შეხვედრა 1 ქულის სხვაობით – 62:63 დათმო. მატჩის ბომბარდირი და სტატისტიკურად საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე 2 საჯარიმო ჩააგდო და „კანტუ“ 62:61 დააწინაურა, მაგრამ…
შერმადინმა სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ევროპის გრანდთან მატჩში ქართველმა ცენტრმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი ქულა და მოხსნა მოაგრვა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გამოსვლისთანავე ცხადი გახდა მისი თამაშში ყოფნის აუცილებლობა. გიორგი თითქმის შეუჩერებელი იყო სამწამიან ზონაში. ის ქულებსაც აგროვებდა, დაცვაშიც კარგად ირჯებოდა და ფარიდან ასხლეტილ ბურთებსაც ხსნიდა. შერმადინმა 10 ორქულიანიდან 6 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 3–დან 2 სროლა გამოიყენა. ეს ორიც შეხვედრის ბოლო წუთზე ჩააგდო, მაშინ, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია. სამწუხაროდ, შერმადინის საჯარიმოებს ხუან კარლოს ნავარომ ანალოგიური სროლებით უპასუხა და „ბარსელონა“ 63:62 დააწინაურა. კანტუელებს ბოლო შეტევა დარჩათ და ბურთიც ბოლომდე გაათამაშეს, თუმცა გადამწყვეტი ტყორცნა იტალიური გუნდის კაპიტანმა, ჯანლუკა ბაზილემ ააცილა…
14 ქულასთან ერთად შერმადინს 8 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა ყველაზე მეტი – 19 ერთეული შეადგინა. ამ მხრივ მეორე იყო კარლოს ნავარო (17). კარგად გაისარჯა „კანტუს“ მეორე ქართველი მანუჩარ მარკიშვილიც, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. მანუჩარმა 6 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. მარკოიშვილმა 4–დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა.
ასე და ამგვარად, „კანტუმ“ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. ბოლო ტურში, 29 თებერვალს, ქართველების გუნდი კაუნასში „ჟალგირისს“ ხვდება, მაგრამ მისი მოგებისა და კონკურენტი „მაკაბის“ დამარცხების შემთხვევაშიც კი „კანტუ“ ჯგუფში დარჩება. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ანგარიშში ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები მიიღება. ჯგუფში „კანტუსა“ და „მაკაბის“ ორმატჩიანი დაპირისპირება კი ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით ამ უკანასკნელის სასარგებლოდაა. ასე რომ, „ბარსელონამ“ და „მაკაბიმ“ ვადაზე ადრე გაინაღდეს მეოთხედფინალის საგზურეი
H ჯგუფი
ბარსელონა 5 0 360 317 43 10
მაკაბი 3 2 360 355 5 8
კანტუ 2 3 343 355 -12 7
ჟალგირისი 0 5 358 394 -36 5